პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა

დღეს, 18 ივლისს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი რიგგარეშე სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, დაიხურა.

გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მიიღო.

მისი განმარტებით, გომელაურს “სხვა რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ”.

გომელაურს დღეს სიტყვის გამოსვლის საშუალება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ მისცეს. პარლამენტში საპროტესტო ბანერი გადმოკიდეს ჟურნალისტებმაც.

“დასაჯეთ მოძალადეები”, “აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა” – ეწერა საპროტესტო ბანერებზე.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, სხდომა განახლდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანერს ჩამოხსნიდნენ.

გომელაურს პარლამენტში 5 ივლისს მომხდარი მოვლენებისა და პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ უნდა ესაუბრა.