ნეტგაზეთი | არასდროს მომისმენია აშშ-ისა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა ენმ-ის დროინდელი სასამართლოს მიმართ – ღარიბაშვილი არასდროს მომისმენია აშშ-ისა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა ენმ-ის დროინდელი სასამართლოს მიმართ – ღარიბაშვილი – Netgazeti
Batumelebi | RU

არასდროს მომისმენია აშშ-ისა და ევროპის კრიტიკული შენიშვნა ენმ-ის დროინდელი სასამართლოს მიმართ – ღარიბაშვილი

მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გახმიანებული კრიტიკის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ სასამართლოზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი სისტემის მიმართ აშშ-სა და ევროპის კრიტიკა არ მოუსმენია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება აგრძელებს სასამართლოს რეფორმაზე მუშაობას, ზემოხსენებული “გაუგებრობა” კი მალე აღმოიფხვრება.

“საქართველო არის გამორჩეული მეგობარი რეგიონში ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდებისა და ჩინოვნიკების. უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და ა.შ… მე მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაც ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში.

თქვენ გახსოვთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით: 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. სამწუხაროდ, მე არ მომისმენია არასოდეს არც აშშ-ის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელ სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა და არ არის სამართლიანი.

ჩვენ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, არ მთავრდება 1 და 2 დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური და უშეცდომონი. მაგრამ ჩვენ რაც გავაკეთეთ 8 წელში, არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი”, – უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი განცხადებით, “შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და გაუგებრობა შეიქმნას”.

“ყველას ვაძლევ პირობას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება”, – დაამატა მან.

ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს შეახსენეს, რომ კრიტიკა გახმიანდა როგორც აშშ-ის საელჩოს, ისე სახელმწიფო მდივნის მხრიდან, რასაც ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

“მანამდე, 2-3 კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო მდივანიც პირადად მე  მადლობას მიხდიდნენ რეგიონში გაწეული ლიდერობისთვის და იმ ძალიან წარმატებული ოპერაციებისთვის თუ საქმიანობისთვის, რაც ჩვენ განვახორციელეთ აშშ-სთან ერთად”.

საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი გააკრიტიკა როგორც აშშ-ის საელჩომ, ისე სახელმწიფო მდივანმა. საელჩომ თქვა, რომ ამ ნაბიჯით პარლამენტმა არ შეასრულა მიშელის შეთანხმება. ენტონი ბლინკენის სიტყვებით კი “აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნით, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას”.

“ქართულმა ოცნებამ” კრიტიკას 16 ივლისს, ვრცელი განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ აშშ-ის სტრუქტურებს “ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების” გამო ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ. პარტია არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს ხსენებულ “ჩინოსნებში”.

ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების გამო აშშ-ში ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ – “ოცნება”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან