“ავიცრა ჩინური ვაქცინით თუ ფაიზერს დაველოდო“? – ექიმი დავით მრელაშვილის რჩევა

აშშ-ში მომუშავე ექიმი, იმუნოლოგი დავით მრელაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, ნუ დაელოდებიან ფაიზერის ვაქცინებს და აიცრან ჩინური წარმოების ვაქცინებით [ასეთებია სინოფარმი და სინოვაკით], რაც საქართველოშია ხელმისაწვდომი.

„სინოვაკით აცრა (რაც უკვე საქართველოში შესაძლებელია) დღეს გაცილებით უკეთ დაგიცავთ სიკვდილისგან წლის ბოლომდე, ვიდრე თუნდაც ორი კვირის მერე ფაიზერით აცრა“, – წერს მრელაშვილი.

ექიმის თქმით, ეს დასკვნა ეფუძნება სამედიცინო ლიტერატურიდან „ყველაზე სარწმუნო და ავტორიტეტულ წყაროებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და New England Journal of Medicine“.

როგორც მრელაშვილი მიუთითებს, ფაიზერი უფრო ეფექტური ვაქცინაა და უკეთ, უფრო მეტი პროცენტით იცავს ხალხს კორონავირუსის ინფექციისგანაც და მისგან სიკვდილისგან, ვიდრე ჩინური ვაქცინა. „სწორედ ამ სიმართლეს შეჰყავს შეცდომაში ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფაიზერს ელოდებიან“, – წერს ექიმი.

მრელაშვილის თქმით, უახლესი კვლევის ფარგლებში, ერთსა და იმავე ქვეყანაში და პოპულაციაში, დროის ერთსა და იმავე პერიოდში შეადარეს ფაიზერისა და სინოვაკის ვაქცინების ეფექტურობა, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტური იყო, ვიდრე სინოვაკი.

მაგრამ, ექიმის თქმით, „ეშმაკი დეტალებშია დამალული“: „ეს განსხვავება ამ ორ ვაქცინას შორის ძირითადად იყო მსუბუქი ფორმების ხარჯზე“.

„რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, სიკვდილისგან და კრიტიკული ფორმებისგან დაცვაში განსხვავება გაცილებით მცირე, დაახლოებით 5% იყო: 91% დაცვა ფაიზერისგან და 86% სინოვაკისგან“.

აღნიშნული კვლევა, ექიმის თქმით, ჩილეში ჩატარდა, სადაც ბრაზილიური შტამია ყველაზე მეტად გავრცელებული, თუმცა მანამდე არსებულ კვლევებშიც, სხვა შტამებზე, მსგავსი პროპორციები მიიღეს: „ფაიზერი ლიდერობს მნიშვნელოვნად სიმპტომური ინფექციების პრევენციაში, თუმცა მძიმე ფორმებსა და სიკვდილიანობაზე სინოვაკი (და სხვა ვაქცინებიც) საკმაოდ უახლოვდება მას“.

„აქედან გამომდინარე, ნამდვილად ლოგიკურია, რომ დელტა შტამზეც მსგავსი პროპორციები იყოს დაცული“, – მიიჩნევს მრელაშვილი და წერს, რომ ამ არგუმენტს ამყარებს დღევანდელი ვითარება დიდ ბრიტანეთში, სადაც კოვიდინფიცირებულთა თითქმის სრული რაოდენობა დელტა შტამითაა ინფიცირებული და, მიუხედავად ამისა, ასტრაზენეკამ სიკვდილიანობა 90%-ით შეამცირა.

როგორც ის განმარტავს, ვაქცინის ეფექტურობაზე საუბრისას სტანდარტულად იგულისხმება სიმპტომური ინფექციისგან პროცენტული დაცვა, რისი დიდი პროცენტიც მსუბუქი ფორმაა. „ამას გარკვეულწილად შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რადგან, მგონი, ყველა ადამიანისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინა სიკვდილისგან დაიცავს თუ არა, ვიდრე ის, ექნება თუ არა მსუბუქი სურდოს მსგავსი ინფექცია“, – აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ვაქცინისგან სრული დაცვა, ზემოთ მოყვანილ პროცენტებში, ყალიბდება მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ.

ამის შემდეგ მრელაშვილი მსჯელობას ასე ავითარებს:

„ორი~ კვირას რომ დაველოდოთ და მერე ფაიზერით ავიცრათ (დაუჯერებლად კარგ შემთხვევაში, რომ ფაიზერი იქნება იმ დროს), სურათი ასეთია“, – წერს ექიმი და აგრძელებს:

როგორც დავით მრელაშვილი წერს, შედეგი ასეთია:

„თქვენ დღეს რომ აიცრათ ჩინურით, 45%-ით მეტად ხართ დაცული წლის ბოლომდე კორონათი სიკვდილისგან ((81 – 56 )/56 x 100= 45%)“.

ექიმი იქვე აღნიშნავს, რომ ეს გამარტივებული გამოთვლაა, რათა ინფორმაცია მარტივად აღსაქმელი იყოს და „მრავალი წვრილმანი ფაქტორის დამატება შეიძლება (მაგალითად, ნაწილობრივი დაცვა პირველი დოზისგან ორივე ვაქცინის შემთხვევაში“).

„თუმცა, რომც გავითვალისწინოთ ის წვრილმანები – 45%-ს დიდად ვერ შეცვლის. იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ ორ კვირაზე მეტი ხანი ვინც ელოდება ფაიზერს, ეს ციფრი გაცილებით იზრდება“, – წერს იგი.


13 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების, ჯამში, 379 673 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო აცრილია 310 332 ადამიანი (დღიურად 6444).