ახალი ამბები

ტელეწამყვან აბსანძის თქმით, დაკავებისას ხელი მოტეხეს

13 ივლისი, 2021 • 1244
ტელეწამყვან აბსანძის თქმით, დაკავებისას ხელი მოტეხეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის წამყვანი, ჟურნლისტი ირაკლი აბსანძე წერს, რომ პოლიციამ დაკავებისას ხელი მოტეხა. აბსანძე 12 ივლისს, გვიან ღამით, „ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

„კარგად ვარ, ხელი მომტეხეს უბრალოდ“, – დაწერა მან 13 ივლისს, დილის საათებში, პოლიციიდან გამოშვების შემდეგ. მისი თქმით, „არანაირი ხელწერილი“ არ დაუწერია.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც აბსანძის დაკავებას ასახავს, ჩანს, რომ პოლიციელები ეუბნებიან,  „ნასვამია“ და ჟურნალისტურ საქმიანობას არ ეწევა. კადრებში ასევე ჩანს, რომ პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და ამ დროს აკავებენ.

„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად შენობას კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს. აქ მობილიზებული იყო პოლიციის კორდონიც.

რაც შეეხება ირაკლი აბსანძეს,  ბოლო დღეებში ის ღიად აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივლისის საპროტესტო აქციაზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან 12 ადამიანი დააკავეს.

უწყება ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და ისინი გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.


12 ივლისს, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად. მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა.

აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა, რომლის დროსაც თქვეს, რომ შესაძლოა, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება ყოფილიყო. ამის შემდეგ დემონსტრანტება „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

იქ მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. აქციის მიმდინარეობისას შენობას კვერცხები ესროლეს და წითელი საღებავი შეასხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი