დღეს, 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად.
აქციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური მედიის ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები. მთავარი მოთხოვნა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემაა.
გუშინ, 11 ივლისს გამართულ აქციაზე, სადაც ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებდნენ, მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისთვის ვადა დღეს, 12 ივლისს, 12 საათამდე მისცა. თუმცა, საბოლოოდ ის არ გადამდგარა.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და, შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.