რუსეთი ირწმუნება, რომ ჯავახეთში ავტონომიას ითხოვენ, ხოლო ქვემო ქართლში- ფართო პოლიტიკურ წარმომადგენლობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური ანგარიში, რომელიც მსოფლიოს 43 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას შეეხება.

ანგარიში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოიცავს მხოლოდ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს და არ შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომელთანაც რუსეთის ფედერაციას შედარებით ნორმალური ურთიერთობები აქვს.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში არსებულ ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე და აცხადებს, რომ “ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა კვლავ დაბალია და ისინი მოითხოვენ უფრო ფართო ავტონომიას, მათ შორის- სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში”.

ქართველი მკვლევრების ნაწილის შეფასებით, რუსულ ანგარიშში იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ავტონომიის შექმნას ითხოვენ, მიზნად ისახავს საქართველოს დაშინებასა და იმის ჩვენებას, რომ მომავალში რუსეთი მზადაა ამ თემით მანიპულირებისთვის.

რა წერია საქართველოზე

ანგარიშში, სახელწოდებით  “ადამიანის უფლებების შესახებ ცალკეულ ქვეყნებში” , რომელიც 8 ივლისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ საქართველოში შემოიღო არაერთი კანონი, რომელიც ოფიციალურ სტრუქტურებთან კომუნიკაციისას  ეთნიკურ უმცირესობებს უზღუდავს საკუთარი ენების გამოყენებას და არაადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს აიძულებს გამოიყენონ მხოლოდ ქართული ენა.

ანგარიში იმოწმებს საქართველოს სახალხო დამცველს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ენის სწავლებისთვის არასათანადო პირობებია შექმნილი.

რუსული ანგარიშის თანახმად, იმის გამო, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა კვლავ დაბალია, “ეთნიკური დიასპორების წარმომადგენლები გამოხატავენ უფრო ფართო დამოუკიდებლობის სურვილს, რათა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები განათლებისა და კულტურის სფეროებში და ჰქონდეთ ბერკეტები ქვეყნის მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე”.

“მაგალითისთვის, დიდი ხანია სომხური საზოგადოება აყენებს ავტონომიის [შექმნის] საკითხს სამცხე-ჯავახეთისთვის, ხოლო აზერბაიჯანელები ქვემო ქართლიდან მოითხოვენ უფრო ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივ სტრუქტურებში, სადაც ყველა მთავარი პოსტი ქართველების მიერაა დაკავებული. ეს მოთხოვნები არ არის მხარდაჭერილი ქართული ხელმძღვანელობის მიერ, რადგან ისინი სეპარატისტულ სენტიმენტების გამოხატულებად აღიქმება”, – წერია ანგარიშში.

ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე თავდასხმებზე, მათ შორის- როგორც მედიის სივრცეში, ასევე, ვანდალიზმის ფაქტებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, “საერთაშორისო სადამკვირვებლო სტრუქტურები გამუდმებით მიუთითებენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ფიზიკურ თავდასხმებზე, ქსენოფობიასა და დისკრიმინაციულ, სიძულვილის შემცველ განცხადებებზე, რომლებიც მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ კეთდება”.

გარდა სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობის საკითხისა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ უმჯობესდება ბოშების მდგომარეობა და თბილისი კვლავ არ ასრულებს გადასახლებული მესხების რეპატრიაციისათვის ნაკისრ ვალდებულებებს.

რას ნიშნავს რუსული ანგარიში 

“ზოგადად ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემა რომ დგას საქართველოში, ამაზე საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი თანხმდება, თუმცა მნიშვნელოვანია ორი საკითხი, პირველი: თუ ვინ, რომელი ქვეყანა საუბრობს ამაზე და მეორე: რამდენად სამართლიანია ეს”, – აცხადებს კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი.

მისი განცხადებით, რუსეთს არ აქვს მორალური უფლება სხვა ქვეყნებს მისცეს შენიშნვები იმ დროს, როდესაც თავად არ იცავს იმავე უფლებებს.

“როდესაც რუსეთი საუბრობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე, ეს იგივე საკითხია, მან რომ დემოკრატიის [პრობლემებზე] ისაუბროს, მაგალითად, შვეიცარიაში.

როდესაც ქვეყანა რაღაცაზე მსჯელობს, მას უნდა ჰქონდეს მორალური, ეთიკური, პოლიტიკური სტანდარტები საკუთარ ქვეყანაში იმგვარად დაცული, რომ სხვას მისცეს შენიშნვა. გასაგებია, რომ რუსეთიდან ამ შენიშვნის მიღება საქართველოს ნამდვილად არ ეკუთვნის”, – აცხადებს კონფლიქტოლოგი ნეტგაზეთთან საუბარში.

გიორგი კანაშვილი. 21.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

გიორგი კანაშვილის განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება ის განცხადება, რომ სამცხე-ჯავახეთში ავტონომიის შექმნას ითხოვენ, ან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა თვითმმართველ ორგანოებში არ არის წარმოდგენილი.

“რაც შეეხება რეალურ ვითარებას, პირველი, რომ შესაძლოა 1990-იანი წლების დასაწყისში [ავტონომიის] შექმნასთან დაკავშირებით მოთხოვნები იყო, მაგრამ დღეს მე არ მახსენდება რაიმე სერიოზული საზოგადოებრივი ან სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ღიად და აქტიურად მუშაობდეს იმაზე, რომ ჯავახეთს ჰქონდეს რაიმე სახის ავტონომია საქართველოს შემადგენლობაზე.

ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს ინტეგრაცია, ვიდრე დეინტეგრაცია.

რაც შეეხება ქვემო ქართლს, მაგალითად, მარნეულის მერი ეთნიკური აზერბაიჯანელია. აქაც ტენდენციებს თუ შევხედავთ, ადგილობრივ ხელისუფლებაში იზრდება აზერბაიჯანული მოსახლეობის წარმომადგენლობის წილი”, – აცხადებს გიორგი კანაშვილი.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ანგარიშში საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მიერ შესაძლო ავტონომიის შექმნაზე მითითება, გიორგი კანაშვილი პასუხობს, რომ ეს გარკვეულწილად გზავნილია, რომ რუსეთი აღნიშნული საკითხით მანიპულირებს.

“[ამგვარი შეფასებები ემსახურება] თემის აქტუალიზებას, გარკვეულწილად, საქართველოს შეშინებას და იმის ჩვენებას, რომ მომავალში რუსეთი მზადაა, თემით მანიპულაციის შედეგად, პრობლემები შექმნას. ასევე, სომხეთში და აზერბაიჯანში საქართველოსადმი ნეგატიური დამოკიდებულების შექმნას, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობები იჩაგრებიან”, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

მისივე თქმით, მართალია, რუსეთს დღეს არ აქვს იმ დონის გავლენა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე, თუმცა დმანისის მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლების მხრიდან მაინც საჭიროა რუსეთის მოქმედებების სათანადო შეფასება და გაანალიზება.