ხაშმში ეკლესია ძმებმა გაქურდეს — შსს

კახეთში, ხაშმის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა, 2004 წელს დაბადებული ლ.გ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 7 ივლისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან ძმებმა სხვადასხვა ნივთი მოიპარეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ხაშმში ეკლესიაში შეჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა.