ახალი ამბები | , ,

ქმრის მიერ ილიაუნიში მოკლული ლექტორის საქმე ქალის ოჯახმა სტრასბურგში მოიგო

8 ივლისი, 2021 | | 17473
ქმრის მიერ ილიაუნიში მოკლული ლექტორის საქმე ქალის ოჯახმა სტრასბურგში მოიგო

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც ეხებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მარიამ წივწივაძეს მკვლელობას.

სასამართლომ თქვა, რომ ქვეყნის პოლიციამ გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია ვერ შეძლო. ამ საქმეზე მოსარჩელე (აპლიკანტი) იყო გარდაცვლილის დედა თალიკო თხელიძე.

„სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ იცოდა იმის შესახებ, რომ აპლიკანტის შვილს საფრთხე ემუქრებოდა, მიუხედავად იმ სხვადასხვა დამცველი ღონისძიებისა, რომლის გატარებაც შესაძლებელი იყო, მათ [სამართალდამცავმა უწყებებმა] ვერ შეძლეს გენდერული მოტივით ჩადენილი ძალადობისგან ქალის დაცვა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა სისტემურ მარცხად შეიძლება შეფასდეს. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია“, — წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებით. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აპლიკანტს – გარდაცვლილის დედას, ზიანის ანაზღაურების სახით 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადონ.

დაზარალებული ინტერესებს სტრასბურგში საფარის წარმომადგენლები, ასევე ადვოკატები მარი კურტანიძე და სოფო გოგიშვილი იცავდნენ.


მარიამ წივწივაძის მკვლელობის საქმე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელი ლექტორი მარიამ წივწივაძე ყოფილმა ქმარმა 2014 წლის 17 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მაშინ, როდესაც ის უნივერსიტეტის C კორპუსის მეორე სართულზე იმყოფებოდა. ქმარმა შემდგომ თავი მოიკლა.

მძიმედ დაჭრილი მარიამ წივწივაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მკვლელობამდე ქალმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობისა და მუქარის შესახებ, თუმცა პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

სტრასბურგის სასამართლოს სარჩელთან თანდართულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მარიამ წივწივაძემ ყოფილ ქმართან თანაცხოვრების დროს, 2014 წლის აპრილსა და სექტემბერში, რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და ძალადობის შესახებ შეატყობინა. პოლიციამ ეს ყველაფერი „მცირე ოჯახურ შელაპარაკებად“ მიიჩნია.

ამავე წლის სექტემბერში წივწივაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა კაცი წივწივაძესა და მის ქალიშვილს სისტემატურად ემუქრებოდა, უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს. გამოძიება არც ამაზე დაწყებულა.

ოქტომბრის პირველ ნახევარში, ანუ ქალის მკვლელობიდან რამდენიმე დღით ადრე, მარიამ წივწივაძის დედამ სამჯერ განუცხადა პოლიციას, რომ ყოფილი ქმარი მის ქალიშვილს დევნიდა და იმუქრებოდა, მათ შორის, გამოცხადდა მის სამუშაო ადგილას ხელყუმბარით.

სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ყოფილმა ქმარმა შეგნებულად დაარტყა მანქანა მარიამ წივწივაძეს, მაშინ, როდესაც ქალს შვილი სკოლიდან გამოჰყავდა. მარიამ წივწივაძის დედის განცხადებით, მან უთხრა პოლიციას, რომ ოჯახის „ცხოვრება აუტანელი გახდა“, თუმცა შემაკავებელი ორდერი არ გამოცემულა

მასალების გადაბეჭდვის წესი