ახალი ამბები

5-6 ივლისს მედიაზე ძალადობის ბრალდება, ჯამში, 8 პირს წარუდგინეს

8 ივლისი, 2021 • 1047
5-6 ივლისს მედიაზე ძალადობის ბრალდება, ჯამში, 8 პირს წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს მედიასაშუალების წარმომადგენლებზე ძალადობისა და ხელის შეშლის ბრალდება ჯამში 8 პირს წარუდგინეს.

აქედან 5-ს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა, 3-ს კი- მანამდე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მიერ არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება“, – წერს უწყება.

ამ 5 ადამიანიდან 4-ს  ბრალდება სისხლის სამართლის კოდესის 154-ე (ურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა); 156-ე 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით)  და  225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. ეს მუხლები სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს.

ხოლო ერთს წარედგინა 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ორგანიზატორების დადგენის მიზნით.

ამ თემაზე ნახეთ ასევე:

“დასდევდნენ ჟურნალისტებს, რადგან ჰქონდათ ბრძანება” – მედია დამნაშავეების დასჯას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი