მალხაზ მაჩალიკაშვილი გათავისუფლდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა.

იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

როგორც ნეტგაზეთს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ განუცხადა, “საქმის განხილვა 23 ივლისამდე გადაიდო, მანამდე კი მაჩალიკაშვილი გათავისუფლდა”

მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ რუსთაველის გამზირზე 6 ივლისის აქციის მიმდინარეობისას დააკავა.

მას ადმინისტრაციული კოდექსის ორი – 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან:

მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ პატარიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი, რომელიც აქციაზე „თავისუფლებისთვის“ იმყოფებოდა წინა დღით განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, ჩიტაძის ქუჩის ჩამოსასვლელთან, პოლიციის ჯებირების სიახლოვეს დააკავეს.

„ის იმყოფებოდა „თავისულფებისთვის“ პროტესტის მხარეს, მეორე მხარეს მყოფმა ძალადობრივმა ჯგუფებმა რომ იცნეს, დაიწყეს შეურაცხყოფა, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურადაც იწევდნენ, ჯებირებს მიღმა გადმოსვლას ცდილობდნენ და, ერთი სიტყვით, მას საფრთხეს უქმნიდნენ“, – ამბობს ადვოკტი.

მისი თქმით, თავდაპირველად გაჩნდა განცდა, რომ პოლიცია მივიდა, რათა მაჩალიკაშვილი საფრთხისგან დაეცვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ „საფრთხისგან გარიდების მოტივით კი არ გაიყვანეს, ადმინისტრაიულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლით დააკავეს“.