ახალი ამბები

ჯგუფმა New One ჰომოფობური და ძალადობრივი პოსტის გამო გიტარისტი გაუშვა

7 ივლისი, 2021 • 1344
ჯგუფმა New One ჰომოფობური და ძალადობრივი პოსტის გამო გიტარისტი გაუშვა

მუსიკალურმა ჯგუფმა New One ჰომოფობური შინაარის პოსტის გამო გიტარისტი გაუშვა. ჯგუფი გავრცელებულ განცხადებაში თან ურთავს გიტარისტის ფეისბუკ პოსტს, სადაც ის წერს, რომ „ავადმყოფური იდეოლოგიის გამო“ აქციაზე „ვირთხები გაიძუყნებიან“.

„თავს ვთვლით ვალდებულად გამოვეხმაუროთ განვითრებულ მოვლენებს, რადგან ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არ იყო რიგითი ძალადობა, რასაც მივეჩვიეთ ბოლო დროის განმავლობაში – ეს იყო გაფორმება ძალადობრივი ჯგუფების თარეშის, რაც ძალიან საშიში მოვლენაა ქვეყნისათვის და საწინდარია სამოქალოქო დაპირისპირების“, — წერს ჯგუფი.

მათივე თქმით, ქვეყანაში ამგვარი ვითარება „ჩვენს მტრებს აძლევენ ხელს“ .

„გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კი ბოლო წერტილი დაუსვა ჩვენს ურთიერთობებს არა მარტო ჩვენს მასთან ,სავარაუდოდ მის მუსიკალურ კარიერასაც გარკველწილად. საჯარო სივრცეში ამ თემის განხილვაც მან თავად აირჩია !შეუსაბამოა, იყო მუსიკოსი და იყო კომბლე აქციაზე შეძახილებით “გაიძუყნებით ვირთხებო” და ხელებს უქნევდე საკუთარ მოქალაქეებს, გძულდეს და მოუწოდო ხალხს ჩაგვრისა და აგრესიისკენ“. 

თავად შარაშიძე ამ გადაწყვეტილებას საკუთარ ფეისბუკზე გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო და ჩემი შეხედულებების დაფიქსირების გამო“ გარიყეს.


5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 7 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი