ჩემი აზრით, რაც გუშინ ხდებოდა, ხელისუფლებას არ აწყობდა — ხვიჩია

“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა 5 ივლისს თბილისში, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე, განვითარებული მოვლენები.

მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნებაა”, თუმცა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მისი პირადი პასუხისმგებლობაა.

“რასაკვირველია, პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ უნდა აიღოს იმაზე, რაც გუშინ ქალაქში ხდებოდა. თანამდებობიდან უნდა გადადგეს თუ არა, ეს, ჩემი აზრით, პირადი პასუხისმგებლობის საკითხია. ირაკლი ღარიბაშვილი რომ გადადგება და, დავუშვათ, ირაკლი კობახიძე მოვა, ამით ზოგადი კონფიგურაცია შეიცვლება? რას ჩავთვლით, რომ ხელისუფლება გადადგა? ხომ არ იქნება.

ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, ვისია პასუხისმგებლობა. ზოგადად, პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა”. ეს ახლა გარდაისახება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაში თუ სხვა პროცესში,  მე მირჩევნია, არჩევნების წაგებაში გარდაისახოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, საეჭვოა “ჩხუბის მოწყობა” ყოფილიყო პრემიერის მოტივი, როდესაც მან  “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს ღირსების მარშის არჩატარებისკენ მოუწოდა.

“არ ვიცი, რა იყო ირაკლი ღარიბაშვილის მოტივი განცხადების გაკეთებისას, იყო წახალისება და ამ ჩხუბის მოწყობა, რაც გუშინ იყო – ეჭვის თვალით ვუყურებ ამ ვერსიას, რომ მისი მოტივი ჩხუბის მოწყობა იყო. ჩემი აზრით, რაც გუშინ ხდებოდა ქალაქის ქუჩებში, ხელისუფლებას არ აწყობდა. მაგრამ მისმა სიტყვებმა რომ ეს გამოიწვია და შედეგად, ფაქტია,  ეს გამოიწვია.,მგონი, ყველასთვის გასაგებია”, — განაცხადა ხვიჩიამ.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

თავს დაესხნენ, სულ მცირე, მედიის 50-მდე წარმომადგენელს. ასევე ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც. 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით ასევე დააკავეს 3 პირი.