ახალი ამბები

თბილისის მეტროში ახალგაზრდები შეიპარნენ და ვაგონები გრაფიტით მოხატეს – [ვიდეო]

2 ივლისი, 2021 • 4981
თბილისის მეტროში ახალგაზრდები შეიპარნენ და ვაგონები გრაფიტით მოხატეს – [ვიდეო]

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მოხატეს ახალგაზრდების ჯგუფმა თბილისის მეტროს რამდენიმე ვაგონი.

ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ვიდეო, სავარაუდოდ, ერთ თვეზე ძველია. ახალგაზრდები კი სავარაუდოდ, უცხოელები არიან.

კადრებში ასევე ჩანს ისიც, რომ მეტროში შესაღწევად, უცხო პირები რკინის ბარიკადას სპეციალური მოწყობილობით ჭრიან.

https://youtu.be/bvSnEaouTIE

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა, სხვა ქვეყნების მსგავსად თბილისშიც ყოფილა. თუმცა, მოხატული ვაგონები მგზავრებს არ ემსახურებიან და მათ დეპოდან გამოსვლამდე წმენდენ.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდებს ზედამხედველი შეამჩნევს და შეაკავებს, უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს ხოლმე. თუმცა, ამ შემთხვევაში მოხატვის გამო არავინ დასჯილა.

თბილისის, როგორც სხვა ნებისმიერი ქალაქის, მეტროში ზედამხედველობისა, სპეციალური ცოდნისა და აღჭურვილობის გარეშე შესვლა სახიფათოა. აქ მაღალი ძაბვა გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი