ბაქოში სომხეთის 14 მოქალაქეს ასამართლებენ

ბაქოს სასამართლოში სომხეთის 14 მოქალაქის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე “შეირაღებულ დაჯგუფებას” ეხება. სომხეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანული მხარე 2020 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ჯაბრაილის რაიონში, აზერბაიჯანული არმიის წინააღმდეგ პროვოკაციულ-ტერორისტული მოქმედებების განხორციელებას ედავება. ბრალდებულების წინააღმდეგ საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

დღეს, 2 ივლისს, სასამართლოში მოწმეებს დაკითხავენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციითვე, ბრალდებულებმა ჩვენებები უკვე მისცეს.

სომხური მხარე აზერბაიჯანს რამდენიმე ასეული სამხედროს დატყვევებაში ადანაშაულებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.