ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია – გახარია პრაიდზე

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პრაიდის კვირეულზე საუბრისას ამბობს, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტორბის დროს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს აკეთებდა.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს.

“საქართველოს ყველა მოქალაქემ და პირველ რიგში მთავრობამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია. მე როცა ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ნებისმიერ პირობებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე ამ ქვეყანაში დაგვეცვა. ეს არის უპირველესი ვალდებულება სახელმწიფოსი და სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ ქვეყანაში სიმშვიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს”, – განაცხადა გიორგი გახარაიამ.

2019 წელს, როდესაც გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თბილისში პირველად დაიგეგმა ლგბტ პრაიდის კვირეული, რომელიც “ღირსების მარშით” უნდა დაგვირგვინებულიყო ქალაქის რომელიმე ქუჩაზე. ორგანიზატორებს იმთავითვე ჰქონდათ კომუნიკაცია შსს-სთან, რომელმაც, როგორც ისინი ამბობდნენ, ჯერ დახურულ სივრცეში ურჩია აქტივისტებს მარშის ჩატარება, შემდეგ კი საერთოდ ვერ მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები.

საბოლოოდ, გარანტიების არარსებობის ფონზე, თბილისის პრაიდის აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გამართეს პარტიზანული მარში, სადაც პროცესებზე პასუხიგებლობა გახარიას დააკისრეს. აქციაზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი ჩანდა იმ ფონზე, როცა აშკარა იყო მუქარები რადიკალთა მხრიდან.


“თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს 1-5 ივლისს, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დასასრულს, 5 ივლისს კი, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარში” გაიმართება. კვირეულის გარშემო მიმდინარე დისკუსიების პარალელურად, ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხელისუფლებას ღონისძიების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. ამავე მოწოდებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს 28 ევროპარლამენტარმა, რომელთა წერილიც 28 ივნისს გავრცელდა.

პარალელურად, მმართველი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ამ ღონისძიების ჩატარება. მათ შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პრაიდის საწინააღმდეგო განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც გაავრცელა.