ახალი ამბები

გრემის ტაძარში მეფე ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს

1 ივლისი, 2021 • 3291
გრემის ტაძარში მეფე ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცნობით, არქეოლოგებმა გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს. ლევან ბაგრატიონი კახეთის სამეფოს მეფე იყო 1518-1547 წლებში.

მას დიდი ღვაწლის გამო „დიდისა“ და „აღმშენებლის“ წოდებაც მიენიჭა.

„მართალია, ისტორიული წყაროების და გადმოცემების მიხედვით, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც, ეს დიდი მოღვაწე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, ვინაიდან საფლავის ქვა ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა,“ — წერს ეროვნული მუზეუმი.

არქეოლოგებმა ლევან ბაგრატიონის აკლდამა იპოვეს. ფოტო: ეროვნული მუზეუმი

მათივე ინფორმაციით, აკლდამა აძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის — ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ იპოვეს. აკლდამაში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.

„გამოვლენილი ნეშტის პირველადი ანთროპოლოგიური შეფასება არ ეწინააღმდეგება საფუძვლიან მოსაზრებას, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ნეშტი, სავარაუდიდ, ლევან მეფეს ეკუთვნოდა. საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტების და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში,“ — აცხადებს მუზეუმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი