ვასაძის თქმით, პრაიდის კვირეულის დროს თბილისში არ იქნება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც საზოგადოებას პრაიდის წინააღმდეგ აქციის გამართვისკენ მოუწოდებს, ამბობს, რომ პრაიდის კვირეულის დროს თავად თბილისში არ იქნება.

ვასაძე საბაბად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც თურქეთში ჩაწერა, ვასაძე ამბობს, რომ გულის “საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადების სავარაუდო დიაგნოზი” დაუსვეს. მისი თქმით, “თუ ეს ასეა, ეს საჭირობს დაუყოვნებლივ მკურნალობას და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც”. სწორედ ამ საბაბით, ვასაძე სტამბულიდან მოსკოვში მიემგზავრება.

“იძულებული ვარ, დღეს სტამბულიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც ნიშნავს, რომ მე ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს, 1-დან 5 ივლისამდე, სამწუხაროდ, თბილისში ვერ ვიქნები. რასაც ძალიან ვნანობ და მწყინს”, – განაცხადა ვასაძემ და მთავრობას,  “პრაიდის კვირეულის გაუქმებისკენ” კიდევ ერთხელ მოუწოდა.


1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში “ღირსების მარში” გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები “პრაიდის” ჩაშლით იმუქრებიან.

ლგბტქ+ თემის წევრები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ივლისში დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ უნდა ჩაატარონ.

მათთვის ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს: სახელმწიფო ისევ არ არის მზად, თანაბრად უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერის ეს დამოკიდებულება მათთვის ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებად აღიქმება.