ახალი ამბები

ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას — ბოგდან აურესკუ

26 ივნისი, 2021 • 1005
ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას — ბოგდან აურესკუ

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის, ევროკავშირის მედიაციით გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ აურესკუმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ხაზი გავუსვი, რომ ინკლუზიური პოლიტიკური გარემო, შემდგომი მოდერნიზაცია და დემოკრატიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის.

ამ ფონზე, მე მივესალმები ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილებას, მიიღონ თავიანთი მანდატები ახალ პარლამენტში, როგორც [ქვეყნის] შიგნით არსებული სიტუაციის ნორმალიზებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს.

ამავე დროს, მივიჩნევ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას”, — დასძინა მან.

ამასთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში 26 ივნისს, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით იმყოფებიან.

მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მათ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდნენ.

მხარს ვუჭერთ გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნას — ლანდსბერგისი

მასალების გადაბეჭდვის წესი