ახალი ამბები

გერმანიიდან დასაქმებულთა ნაწილი ნაადრევად ბრუნდება, სახელმწიფო სააგენტო დუმს

24 ივნისი, 2021 • 2510
გერმანიიდან დასაქმებულთა ნაწილი ნაადრევად ბრუნდება, სახელმწიფო სააგენტო დუმს

დაბალი ანაზღაურების გამო გერმანიაში სამუშაოდ წასული რამდენიმე ადამიანი საქართველოში ბრუნდება. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ამ დრომდე დუმს.

ნეტგაზეთს სურდა გაგვერკვია, კონკრეტულად, საქართველოს რამდენი მოქალაქე ბრუნდება უკან და რა გააკეთა სააგენტომ მათი პრობლემების მოსაგვარებლად. სხვადასხვა მედიაში ისინი უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე. მიმართვის მიუხედავად, სააგენტომ ამ დრომდე არ გვიპასუხა.

ეს ჯგუფი მძიმე სამუშაო პირობებსა და ცუდ საცხოვრებელზე ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა. ამის შემდეგ საქართველოში გერმანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებლებმაც პროგრამით გათვალისწინებული პირობები დაარღვიეს, ახალ დამსაქმებლებთან გადაიყვანენ.

ერთ-ერთი დასაქმებული ჯაბა ჩაჩანიძე “პალიტრასთან” ადასტურებს, რომ გერმანული მხარის ჩართულობით დამსაქმებელი ნამდვილად შეუცვალეს, რომელმაც უკეთესი საცხოვრებელი შესთავაზა, თუმცა ამჯერად ხელფასი დაპირებულზე ბევრად დაბალი იყო.

“რაც მედიაში გავაშუქებინე, რეაგირება იყო, თუმცა ამ ყველაფერს სამი კვირა დასჭირდა. გერმანული მხარის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც შეამოწმეს შრომითი, საცხოვრებელი პირობები და დამსაქმებელი შეგვიცვალეს. სხვა დამსაქმებელთან სხვა ქალაქში გადაგვიყვანეს. საცხოვრებელი პირობები ძალიან კარგი იყო. ორკაციანი კოტეჯები, სველი წერტილები. ანუ საცხოვრებელთან პრეტენზია არ გვქონია, მაგრამ ანაზღაურების პრობლემებს წავაწყდით ისევ.

ძველ დამსაქმებელთან 3 ევროს გვიხდიდნენ ერთ მოკრეფილ მარწყვის ყუთზე. აქ 2.5 -ნახევარ ევროს გვიხდიდნენ. ძველი დამსაქმებელი 4 საათს გვამუშავებდა, თუმცა ანაზღაურება დამოკიდებული იყო მოკრეფილი ყუთების რაოდენობაზე. არ გამოდიოდა საათში 9.5 ევრო. შესვენების გარეშეც ვიმუშავებდით, არ იყო პრობლემა, სამუშაოდ ვართ აქ ჩამოსული, მაგრამ კიდევ ახალ პრობლემებსა და გაურკვევლობაში აღმოვჩნდით. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 10 კაცი წამოვიდეთ”, — ამბობს ჩაჩანიძე.

მისივე თქმით, დროზე ადრე ჩამოსვლის გამო სანქციები არ ემუქრება, რადგან კონტრაქტი თავად გერმანელმა დამსაქმებელმა დაარღვია. გარდა ამისა, საქართველოში დაგროვილ ვალებზეც საუბრობს იმიტომ, რომ გერმანიაში გამგზავრებამდე 800 ევრო ისესხა, ხოლო გერმანიიდან უკან დასაბრუნებლად დამატებით 300 ევროს სესხება მოუწია.

“5 ლარი მაქვს ჯიბეში და ამ 5 ლარით მოვდივარ. უბრალოდ, გაუსაძლისია ჩემთვის და სულ ნულზე დავრჩი, მაგრამ მირჩევნია ისევ საქართველოში ჩამოვიდე. ვალები გადასახდელია. ამ ზარალის კომპენსაციას მოვითხოვთ აუცილებლად”.

19 მაისის მდგომარეობით, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ გერმანიაში 4 ჯგუფი, ჯამში, 54 ადამიანი გაგზავნა. ჩვენ დღევანდელ სტატისტიკაზეც ვკითხეთ სახელმწიფო უწყებას, თუმცა არ უპასუხიათ.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სეზონური დასაქმების საპილოტე პროგრამა 2020 დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო დროში გადავადდა. საბოლოოდ, პროგრამა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი