“დეპუტატობისას განცდა მქონდა, დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი ვიყავი” – წულუკიანი

“მე როდესაც ვიყავი პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მქონდა განცდა, რომ ვიყავი არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი”, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ ჰქონდა მედიას გელათის სამონასტრო კომპლექსში შესვლის შესაძლებლობა, სადაც იტალიელი ექსპერტები მუშაობენ.

წულუკიანის თქმით, მედიასთან ურთიერთობაზე უარი თავად ექსპერტებმა განაცხადეს, რომლებიც გელათის მონასტერში სახურავისა და კედლის მხატვრობის დაზიანებას სწავლობენ:

“მე ამით ვიყავი ბედნიერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იტალიელ ექსპერტებს სურთ მშვიდ გარემოში მუშაობა. ჩვენ მათ დავუსვით შეკითხვა, სურდათ თუ არა მედიასთან ჰქონოდათ მუშაობისას კონტაქტი და მათ თქვეს – არა. მათ ითხოვეს, რომ კულტურის სამინისტროს თანამშრომლებიც იყვნენ შეზღუდული რაოდენობით. მაგრამ მათ თქვეს, რომ გაფრენამდე ისინი ჟურნალისტებს შეხვდებიან და, იმედი მაქვს, ამ პოზიციას არ შეიცვლიან და უპასუხებენ თქვენს კითხვებს”, – აცხადებს კულტურის მინისტრი.

თეა წულუკიანის თქმით, ამჟამად გელათში იტალიელი ექსპერტების ორი ჯგუფი მუშაობს, რომლებსაც რეკომენდაცია იუნესკომ გაუწია. ექსპერტები გელათში 30 ივნისამდე იმუშავებენ და სამინისტროს შესთავაზებენ გამოსავალს ამ ორი მიმართულებით მონასტრის დაზიანებაზე. მინისტრი აღნიშნავს, რომ ექსპერტების დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება და საბოლოო გადაწყვეტილებას უწყება ქართველ ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს:

“ისინი მუშაობენ 30 ივნისამდე პერიოდში და როდესაც დაბრუნდებიან, ფერწერის ჯგუფი თანახმაა მედიასთან ჩვენი შუამდგომლობის გარეშე შეხვედრაზე. რაც შეეხება სახურავის ჯგუფს, მათ დავუსვამთ კითხვას და თუ იქნება თანხმობა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავაორგანიზოთ.

ჩვენ შევთანხმდით შესაბამის უწყებებთან და, პირველ რიგში, ეკლესიასთან, რომ როდესაც იქ ექსპერტი მუშობს და ხარაჩოებითაა სავსე ტაძარი, შეუძლებელი იყოს ლოცვა. ამიტომ შევთანხმდით, ეს 1 კვირა ექსპერტებს დავაცდით მუშაობას. არ მგონია, რაიმე გაღიზიანება ამან გამოიწვიოს” ,- აცხადებს თეა წულუკიანი.

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები