ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

23 ივნისი, 2021 •
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 2 ივლისს ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ წერეთლის შვილმა, ვატო წერეთელმა დაუდასტურა.

ტვ “პირველის” დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ერთი წლის შემდეგ ამ საქმეზე სასამართლო პროცესების განახლება თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

“უბრალოდ, სჭირდებოდათ თაროზე შემოდება, ახლა არჩევნები ახლოვდება და ტელეკომპანიის სიმწვავიდან გამომდინარე გადაწყვიტეს ჩემი დაშანტაჟება ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანით. ამიტომ ჩამოიღეს თაროდან ეს საქმე და ამიტომ განახლდა სასამართლო”, — განაცხადა ვატო წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ პანდემიის გამო მხოლოდ საპატიმრო საქმეების და იმ საქმეების განხილვა მიმდინარეობდა, რომელსაც განხილვის შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა. ახლა კი სასამართლოში ეტაპობრივად ყველა პროცესის სასამართლო განხილვები ინიშნება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

გასულ წელს აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესები შეჩერდა. 2020 წლის იანვარში დამძიმდა ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარკვეული პერიოდით ის უცხოეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. ამასთან პროცესების შეჩერება დაემთხვა 2020 წლის ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებულ 8 მარტის შეთანხმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი