ახალი ამბები

თბილისის მერიას 2017-18 წლებში რეკომენდირებულზე 9-ჯერ და 10-ჯერ მეტი ავტომობილი ჰყავდა — აუდიტის სამსახური

22 ივნისი, 2021 • 921
თბილისის მერიას 2017-18 წლებში რეკომენდირებულზე 9-ჯერ და 10-ჯერ მეტი ავტომობილი ჰყავდა — აუდიტის სამსახური

თბილისის მერიას 2017-2018 წლებში მთავრობის მიერ რეკომენდებულ რაოდენობაზე 9-ჯერ და 10-ჯერ მეტი ავტომობილი ჰყავდა. კერძოდ, მთავრობის რეკომენდაცია იყო 2017 წელს 27 ავტომანქანის ყოლა, მერია კი 237 ავტომანქანას ფლობდა. 2018 წელს რეკომენდებული იყო 28 ავტომანქანა, მერიას 280 ავტომობილი ჰყავდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.

აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის აუცილებლობას გამოავლენდა.

“აღმასრულებელ ორგანოებში შემუშავებული წესით არ არის დაცული მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან მიმართებით დადგენილი რეკომენდაციები. შესაბამისად, ის ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკით განსაზღვრული ძირითადი მიზნის მიღწევას, რაც არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციას, მის სარეკომენდაციო რაოდენობასთან მიახლოებას და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას უნდა უზრუნველყოფდეს”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ რეკომენდებულზე ბევრად ჭარბი რაოდენობის მიუხედავად, მერიამ 2018 წელს დამატებით შეიძინა 3 მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელიც სამეურნეო პროცესში არ გამოიყენება. შესაბამისად, აუდიტი მიიჩნევს, რომ მერიამ საბიუჯეტო თანხები არარაციონალურად და არაეფექტიანად განსაზღვრა.

დასკვნის სახით, აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ თბილისის აღმასრულებელ ორგანოებში ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები არ არის დაცული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახური გასცემს რეკომენდაციას, რომ მერიამ შეიმუშაოს წესი, რომელიც ავტომობილების რაოდენობის განსაზღვრას უზრუნველყოფს და მათ საჭიროების მიხედვით გაანაწილებს. ამასთან, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი