ნეტგაზეთი | “უსაფრთხოება” გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე — რატომ ეწინააღმდეგება “ოცნება” “პრაიდს” “უსაფრთხოება” გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე — რატომ ეწინააღმდეგება “ოცნება” “პრაიდს” – Netgazeti
RU | GE  

“უსაფრთხოება” გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე — რატომ ეწინააღმდეგება “ოცნება” “პრაიდს”

ლგბტქ+ თემის წევრები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ლგბტ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ივლისში დაგეგმილი “ღირსების მარში” არ უნდა ჩაატარონ. მათთვის ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს: სახელმწიფო ისევ არ არის მზად, თანაბრად უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერის ეს დამოკიდებულება მათთვის ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებად აღიქმება.

ირაკლი კობახიძემ “ღირსების მარშისადმი” თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება “სრული კონტექსტით” ახსნა, თუმცა არ განუმარტავს, რა იგულისხმება ამაში.

კობახიძეს არც ის უთქვამს, ვინ უნდა თქვას უარი ხსენებული ღონისძიების ჩატარებაზე: თავად ორგანიზატორებმა თუ სახელმწიფომ. მმართველ გუნდში კობახიძის ეს კომენტარი პრობლემურად არ მიაჩნიათ და ხსენებული ღონისძიების ორგანიზატორების მხრიდან “ზომიერების” საჭიროებაზე საუბრობენ.

უფრო ზუსტად, რა თქვა კობახიძემ?

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 17 ივნისს “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ მისი აზრით, ორგანიზატორებს “უარი უნდა ეთქვათ” „თბილისის პრაიდის“ ჩატარებაზე.

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იგულისხმება სრულ კონტექსტში, განაცხადა:

„მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება… ეს კონტექსტი ძალიან კომპლექსურია და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ“.

საბოლოოდ მას მაინც არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სრულ კონტექსტში, ან ვისგან უნდა მოდიოდეს ეს “უარი”: აქტივისტებმა უნდა შეიზღუდონ გამოხატვის თავისუფლება თუ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს პროცესში.

“ნეტგაზეთმა” კობახიძესთან დაკავშირება ვერც პირადად და ვერც “ქართული ოცნების” პრესსამსახურის მეშვეობით ჯერჯერობით ვერ შეძლო.

ორი დღით ადრე, 15 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდა, „მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოებრივი მორალისა და ტრადიციების გვერდზე, გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი“.

“სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა ჩვენს გადამალვას”

“ირაკლი კობახიძის განცხადებების მიხედვით ვერ დავგეგმავთ ცხოვრებასა და საქმიანობას”, — ასე პასუხობენ მმართველი პარტიის ლიდერის გზავნილებს “თბილისი პრაიდში”.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი აღნიშნავს, რომ კობახიძის კომენტარი ნებისმიერი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მიუღებელია.

“რის საფუძველზე უნდა ვთქვათ უარი? რა კონტექსტზე საუბრობს ირაკლი კობახიძე? ეს ხომ არ არის ერთჯერადი ღონისძიება? 2013, 2019 და 2020 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს, კონტექსტი არ იცვლება ამ ქვეყანაში და, შესაბამისად, ასე შეხედავ თუ ისე შეხედავ, ყველა შემთხვევაში პრობლემური განცხადებაა.

ჩვენ თუ გადავხედავთ ქუჩაში გასვლის მცდელობებს, სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა ჩვენს გადამალვას. როცა ვიდექით ჩვენ, მშვიდობიანი მოქალაქეები და მეორე მხარეს — მოძალადე ჯგუფები, სახელმწიფო ყოველთვის იდგა მოძალადე ჯგუფების მხარეს, პირდაპირ თუ ირიბად. ეს რეალობა გვაქვს და ალბათ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდათ”, — ეუბნება თაბაგარი “ნეტგაზეთს”.

გიორგი თაბაგარი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მისი თქმით, “ხელისუფლებას არ გააჩნია საკანონმდებლო რესურსი, გააუქმოს დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ ორგანიზებული ღონისძიება”, თუნდაც ამის სურვილი ჰქონდეს:

“მისი განცხადება ერთგვარი წახალისებაა იმ პოზიციისა, რაც [ლევან] ვასაძეს აქვს. ვასაძემ, მოგეხსენებათ, ულტიმატუმი წაუყენა მთავრობას, რომ გააუქმოს დაანონსებული პრაიდ-კვირეული და ზუსტად იგივე რაღაც თქვა ირაკლი კობახიძემაც.

არ ვიცი, რამდენად სინქრონიზებული იყო ეს ყველაფერი და რა შიდა პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ფაქტია, განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს და ძალიან საგანგაშოა ეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მმართველი გუნდის ლიდერი აკეთებს მსგავს განცხადებას”.

თაბაგარის განცხადებით, “თბილისი პრაიდი” გეგმისამებრ განაგრძობს მუშაობას.

“თვითონ უმცირესობამაც რაღაც ზომიერება უნდა გამოიჩინოს”

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კობახიძის განცხადებაში პრობლემას არცერთ შემთხვევაში ხედავენ. მისმა კოლეგამ, დავით სერგეენკომ დღეს ისიც თქვა, რომ “თვითონ უმცირესობამაც რაღაც ზომიერება უნდა გამოიჩინოს”.

კითხვას, არის თუ არა მსგავსი განცხადებები უმცირესობების უფლებების დარღვევა და ახალისებს თუ არა ხელისუფლება ძალადობას, სერგეენკომ უპასუხა:

“რთული სათქმელია. უფლებების შეზღუდვა, არ მგონია, იყოს. არავინ უშლით იმის გაკეთებას, რისთვისაც მონდომებული და მოწოდებულია ეს ხალხი.

რაც შეეხება უფრო ხმამაღლა გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ. არავინ არ უშლის არაფერში ხელს, უბრალოდ, რაღაც უფრო ნაკლები ენთუზიაზმით სჯობს…”

დავით სერგეენკო/ფოტო: ჯანდაცვის სამინისტროს Facebook

სერგეენკოს თქმით, მისი “მოქალაქეობრივი მოწოდება ყველასთვის” ზომიერების გამოჩენაა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ზომიერებაში. ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის მსგავსი რიტორიკა მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობა, დეპუტატმა ასე უპასუხა:

“ეკლესიას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველმა გუნდმა, ოპოზიციამ ან ვინმემ სხვა დაჩაგროს იმის გულისთვის, რომ სხვისი [კეთილგანწყობა] დაიმსახუროს. უბრალოდ, თვითონ უმცირესობამაც რაღაც ზომიერება უნდა გამოიჩინოს”.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კობახიძის ზემოხსენებული განცხადება სპეკულაციების საფუძველს არ იძლევა. სარჯველაძის განცხადებით, კობახიძემ ისაუბრა, რომ “ყველას გვმართებს პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობით [მივუდგეთ] საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

“მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს პრევენციებზე მუშაობა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი კონფლიქტის ახალი კერების წარმოშობა”, — განაცხადა სარჯველაძემ და დაამატა, რომ გამოხატვის თავისუფლების “მართლზომიერად განხორციელება” დაცული უნდა იყოს.

“ეს იყო სამარცხვინო განცხადება”

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი საქართველოს კონსტიტუციაშია, რომელიც მოქალაქეებისთვის შეკრების თავისუფლების გარანტიას უზრუნველყოფს.

დეპუტატის და პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კობახიძის განცხადება იყო “სამარცხვინო, როგორც იურისტის და როგორც კონსტიტუციის მცველისა, ყოველ შემთხვევაში, მას ეს სტატუსი უნდა, რომ ჰქონდეს”.

“ამ საკითხზე პასუხი გაცემულია ამ ქვეყნის კონსტიტუციაში. იმ კონსტიტუციაში, რომელიც გადაიხედა და მრავლობითად შეიცვალა ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობისას, მაგრამ მასაც კი და „ქართულ ოცნებასაც“ კი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება არ გაუუქმებია. შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი არის ამ ქვეყნის ძირითად კანონში“, — აღნიშნა მან და მედიის კითხვის საპასუხოდ დაამატა:

“ყველა მსგავსი ტიპის განცხადება, განსაკუთრებით, თანამდებობის პირების მხრიდან, არის ძალადობის წახალისება”.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ხსენებული გზავნილებისთვის “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა და დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემაც გააკრიტიკა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პრაიდის იდეა არ მოსწონს:

“არ მომწონს პრაიდის ამ ფორმით ჩატარება, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, მე ვერ განვსაზღვრავ, ვინ სად გაივლის და რას იზამს, თუ ის არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ჩვენ თუ ვაშენებთ სამართლიან, დემოკრატიულ ქვეყანას, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სადაც უნდა, იქ იაროს”.

მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლება ამ საკითხს უყურებს არა სახელმწიფოს, არამედ “ვიწროპარტიული ინტერესებიდან”

“[ხელისუფლებამ] იცის, რომ ეკლესია არის ძალიან დიდი დომინაცია და ახდენს [გავლენას] საზოგადოებრივ აზრზე და ამიტომ ცდილობს, მოიგოს კეთილგანწყობა, მოიგოს არჩევნები და ფეხებზე ჰკიდია ადამიანის უფლებები”, — დასძინა მან.

კობახიძის განცხადების ორი ინტერპრეტაცია

კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ კობახიძის განცხადება ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა:

“ერთი მხრივ, შეიძლება, გაგებული იყოს, რომ სახელმწიფომ არ უნდა მისცეს უფლება [აქტივისტებს] და არ უნდა ჩაატარებინოს შეკრება-მანიფესტაცია. მეორე, შესაძლებელია, გაგებული ყოფილიყო, რომ თავად ამ ადამიანებს გაეკეთებინათ თვითშეზღუდვა და არ გაეკეთებინათ აქცია”, — დასძენს ის, შემდგომ კი ცალ-ცალკე განიხილავს ორივე შემთხვევას და განმარტავს, რატომ არის ორივე მათგანი პრობლემური:

“თუ იმაზეა საუბარი, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა ეთქვათ უარი, ასეთი უარი არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს კონსტიტუცია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იძლევა შესაძლებლობას, [მოქალაქეებმა]  გამართონ შეკრება-მანიფესტაცია.

სახელმწიფოსადმი შეტყობინების ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი აპირებენ ავტომობილების სავალი გზის გადაკეტვას, თუკი მათი რაოდენობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე დაეტეოდნენ სხვა ადგილას.

რაც შეეხება მეორეს, თუკი საუბარი არის თვითშეზღუდვაზე, ესეც ძალიან არასწორი გზავნილია. ნაცვლად იმისა, რომ მისი განცხადება ყოფილიყო მკაცრი იმ ადამიანებისადმი, ვინც ძალადობას აანონსებს, ერთგვარად, დამნაშავედ ან ძალადობაზე მორალურად პასუხისმგებლად წინასწარ გამოჰყავს მსხვერპლი.

ეს არის ძალიან ცუდი. სამართლიან სახელმწიფოში წესიერი პოლიტიკოსები ასე არ აზროვნებენ”.

გიორგი მშვენიერაძე

ამ მოსაზრებას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე” ნიკა სიმონიშვილიც იზიარებს. მისი სიტყვებით, ყოველი პირი თავად წყვეტს, ისარგებლებს თუ არა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით.

“თუნდაც ეს იყოს მოწოდება ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომ [აქტივისტებს თავად] უნდა ეთქვათ უარი ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი მოწოდება იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ამ[ლგბტ] პირთა უფლებრივი მდგომარეობა არ არის მაინცდამაინც სახარბიელო.

როცა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ მათ თავი უნდა შეიკავონ ასეთი უფლებით სარგებლობისგან, რა თქმა უნდა… ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არ არის მოწოდებული იმისკენ, ამ პირთა უფლებები გარანტირებული იყოს”, — აღნიშნავს ის.

ნიკა სიმონიშვილი

“საიას” თავმჯდომარის აზრით, უფრო პრობლემურია მეორე ინტერპრეტაცია, რომლის თანახმადაც პრაიდის ჩატარება სახელმწიფოს მხრიდან უნდა შეიზღუდოს. ნიკა სიმონიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში არც სამართლებრივი საფუძველი არსებობს და არც კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის აუცილებლობა.

“ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ თავისი ვალდებულება სწორად შეასრულოს, მშვიდობიანი შეკრება იყოს უზრუნველყოფილი და თუ ვინმე ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებს, ის ძალადობრივი შეკრება იყოს აღკვეთილი. თუ სახელმწიფო ამ სტანდარტს არ დაიცავს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი იქნება გაუარესებული”, — აღნიშნავს ის.

სახალხო დამცველის მოწოდება შსს-ს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რა გააკეთა წლების განმავლობაში, “პრაიდი” უსაფრთხოდ რომ ჩატარებულიყო.

“ბოლო წლებია, ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს ხელი ეშლებათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების — შეკრების და გამოხატვის თავისუფლების — რეალიზებაში.

მე ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები იყოს დაზღვეული”, — განაცხადა მან.

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი ომბუდსმენი

ლომჯარიას თქმით, იმ პირობებში, როცა ხსენებული საფრთხეების შესახებ წინასწარ არის გაცხადებული და პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაც უფრო რეალისტურია, სახალხო დამცველის ოფისი ელის, რომ სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

პრაიდი დაბრკოლებების, მუქარების, დაუცველობის ფონზე

ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს 1-5 ივლისს გამართავს, 5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარში” გაიმართება.

“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა”, — აცხადებენ აქტივისტები.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე.

თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

2019 წელს თბილისში პირველად დაიგეგმა ლგბტ პრაიდის კვირეული, რომელიც მაშინაც “ღირსების მარშით” უნდა დაგვირგვინებულიყო ქალაქის რომელიმე ქუჩაზე.

პარტიზანული “ღისების მარში“ შსს-სთან. 08.07.2019 ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ორგანიზატორებს იმთავითვე ჰქონდათ კომუნიკაცია შსს-სთან, რომელმაც, როგორც ისინი ამბობდნენ, ჯერ დახურულ სივრცეში ურჩია აქტივისტებს მარშის ჩატარება, შემდეგ კი საერთოდ ვერ მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები.

ამავე პერიოდში, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა პრაიდის ჩატარება თბილისში. ჰომოფობიური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კი თქვა, რომ თბილისი პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნიდა.

საბოლოოდ, გარანტიების არარსებობის ფონზე, თბილისის პრაიდის აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გამართეს პარტიზანული მარში, სადაც პროცესებზე პასუხისმგებლობა გახარიას დააკისრეს. აქციაზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი ჩანდა იმ ფონზე, როცა აშკარა იყო მუქარები რადიკალთა მხრიდან.

ამ მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ, უცნობია, მოახერხებენ თუ არა ორგანიზატორები პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარებას.

პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს – შსს „ღირსების მარშზე”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან