ახალი ამბები

პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ის არის ამერიკელი ხალხისთვის — ბაიდენი

16 ივნისი, 2021 • 1444
პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ის არის ამერიკელი ხალხისთვის  — ბაიდენი

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსი კოლეგის მსგავსად, ინდივიდუალური პრესკონფერენცია გამართა. ბაიდენის განცხადებით, პუტინს უთხრა, რომ მისი დღის წესრიგი ემსახურება ამერიკელ ხალხს და არავის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული.

“იქ, სადაც გვაქვს განსხვავებები, მინდა, პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ; და როგორ ვუპასუხებთ სხვადასხვაგვარ ქმედებებს, რომლებიც ამერიკელი ხალხის ინტერესებს დააზიანებს.

მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის [მიმართული] რუსეთის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ. [ჩემი დღის წესრიგი] ამერიკელი ხალხისთვისაა”, — დასძინა მან.

რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა?

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდნენ. საჯარო განცხადებების თანახმად, საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებზე რუსეთში და სხვა საკითხებზე.

პუტინმა გამორიცხა რუსეთის პასუხისმგებლობა აშშ-ის მისამართით განხორციელებულ კიბერშეტევებზე და თქვა, რომ რუსეთში მომხდარი მსგავსი შეტევების უმეტესობა, ხშირ შემთხვევაში, აშშ-დან იღებს სათავეს.

თავის მხრივ, კიბერშეტევებსა და სხვა სახის თავდასხმებზე საუბრისას, ბაიდენმა  კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, წყლის ან ენერგიის ხელშეუხებლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ადამიანის უფლებების საკითხს აშშ ყოველთვის დააყენებს დღის წესრიგში. აღნიშნულზე საუბრისას პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთს არ სურს არეულობა საკუთარ ტერიტორიაზე, შედარებისთვის კი კაპიტოლიუმის შეტაკებები და მოძრაობა “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” მოიყვანა. ბაიდენმა “სასაცილო” უწოდა აღნიშნულ შედარებას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ტონი “პოზიტიური” იყო. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა “პროდუქტიულად და კონსტრუქციულად” შეაფასა. მისივე განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ისა და რუსეთის ელჩები, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

ჯო ბაიდენის სიტყვებით, ორი ლიდერი “იზიარებს უნიკალურ პასუხისმგებლობას, წარმართოს ურთიერთობა ორ ძლიერ და ამაყ ქვეყანას შორის; ურთიერთობა, რომელიც იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი”.

პუტინის თქმით, ნავალნი რუსეთში განგებ დაბრუნდა, რათა დაეკავებინათ

მასალების გადაბეჭდვის წესი