რა ხდება ომის შემდეგ მთიან ყარაბაღში | Crisis Group

როგორ ვითარდება მოვლენები მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის შემდეგ, რა გამოწვევების წინაშე დგას რეგიონი და რატომ ვერ უზრუნველყოფენ საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილზე ჰუმანიტარულ დახმარებას?  – ამ და სხვა საკითხებზე კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა [International Crisis Group] ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. 

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, იმის მიუხედავად, რომ მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასრულდა, საზღვარზე შეტაკებები, წინა ხაზზე ახალი პოზიციების დაკავების და გამყარების მცდელობები, მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება და ჰუმანიტარული კრიზისი არასტაბილურ სიტუაციას ქმნის. 2020 წელს მთიანი ყარაბაღის ომმა მრავალი საკითხი დატოვა გადაუჭრელი, ფრონტის ხაზი კი- ფეთქებადსაშიში.

“ახალი ფრონტის ხაზის გასწვრივ შეტაკებები, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობასთან ახლოს მიმდინარებს, ხელს უწყობს ძალადობის განახლებას. ამასთან, რაც მეტი დრო გავა იქამდე, სანამ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა დაბრუნდება საკუთარ სახლებში და დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, მით უფრო რთული იქნება სამშვიდობო პროცესის აღდგენა”.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულებიდან ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ, როგორც კრიზისების ჯგუფში მიიჩნევენ, კვლავ ღია რჩება ფუნდამენტური კითხვები: ვინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებითა და პირველადი საჭიროებებით რეგიონის მცხოვრებლებს, როგორ უნდა განაწილდეს ჰუმანიტარული დახმარება და რამდენ ხანს გასტანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი?

რა ფაქტობრივი გარემოებები არსებობს ამჟამად – რა წერია კრიზისების ჯგუფის ანგარიშში:

“იმ პირობებში, როდესაც საომარი მოქმედებების შემდეგ ერთნი ტრავმირებული არიან, მეორენი კი გამარჯვებას ზეიმობენ, შექმნილი სიტუაცია ხელს ვერ უწყობს დიალოგს, რომელიც აუცილებელია ომის შემდგომი პრობლემების გადასაჭრელად. რომ აღარაფერი ვთქვათ კონფლიქტის საფუძველზე – მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხზე.

რამდენ ხანს შეძლებენ სამშვიდობოები ყოველდღიური პრობლემების აღმოფხვრის სპეციალისტების როლში ყოფნას, უცნობია. კიდევ უფრო ბუნდოვანია, თუ როგორ მოიქცევიან ისინი ფრონტის ხაზზე სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მათ მისიაში მკაფიოდ არ არის გაწერილი”, – ნათქვამია ანგარიშში.

კრიზისების ჯგუფი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა უნდა გამართოს კონსულტაციები კონფლიქტის მხარეებთან, შემდეგ კი საკუთარ კონტინგენტს მისცეს მკაფიო ინსტრუქციები და იარაღის გამოყენების წესები გაწეროს.

კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხი, რომელზეც ორგანიზაციის ანგარიშში ყურადღებაა გამხვილებული, საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევა და ადგილზე დახმარების საკითხია, რომელიც პრობლემურია.

“კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში დიდი რაოდენობით დახმარების მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არც სტეპანაკერტს და არც ერევანს ასეთი რესურსი არ გააჩნიათ, რომ მათვე მოაგვარონ ომის შემდგომი ქაოსი, რაც ჰუმანიტარული კრიზისისა და ადამიანების გადაადგილების გრძელვადიანად შეფერხებას გამოიწვევს. ამჟამად სომხეთი ყველაფერს აკეთებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის, იმის მიუხედავად, დაბრუნდნენ თუ არა ისინი საკუთარ სახლებში. მაგრამ მისი ფინანსები შეზღუდულია, ისევე, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების შესაძლებლობა, აღმოფხვრას ომის შედეგები”.

გაერომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვა სახელმწიფოებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მზაობა გამოთქვეს, თუმცა ამჟამად მათ დიდ ნაწილს ამის საშუალება არ ეძლევა. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მთიან ყარაბაღში მუშაობს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია, რომელიც იქ 1990 წლიდან მუშაობს. დანარჩენები ხელფეხშეკრული არიან რეგიონის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გამო. რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა მათ ამაში დაეხმაროს მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს შეღწევა შეეძლებათ. ამასობაში ამ ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ შემოქმედებითი გადაწყვეტილებები, ადგილზე მინიმალური მხარდაჭერის განსახორციელებლად.

“თუკი ადგილობრივი და საერთაშორისო მოთამაშეები ომის შემდგომი პრობლემების გადასაჭრელად ზომებს ვერ მიიღებენ – უსაფრთხოების, საბაზისო საჭიროებებისა და მოსახლეობის გადაადგილების კუთხით, როგორც ჩანს, ყარაბაღი ნაკლებინტენსიური დაძაბულობის ზონად დარჩება ათეულობით წელი, რასაც გავლენა ექნება არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე, შეწყვეტილი სავაჭრო და ინფრასქტუქტურული კავშირების აღდგენის კუთხით”.

შესაბამისად, კრიზისების ჯგუფი მიიჩნევს, რომ მხარეებმა უნდა უნდა შეწყვიტონ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხის მოტივით საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვა.

რაც შეეხება სხვა გადასაჭრელ საკითხებს, რომელსაც ორგანიზაცია პროცესში მონაწილეებს მოუწოდებს, ესენია:


კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ანგარიში ვრცლად წაიკითხეთ აქ.