სლოვენია არის მეორე ქვეყანა ევროკავშირში ესპანეთის შემდეგ, რომელიც სინოფარმით აცრილებს საზღვარს უხსნის. მკაცრი კოვიდშეზღუდვები ქვეყანაში შემსვლელთათვის სლოვენიის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ შეამსუბუქა.
ქვეყანა კოვიდის თითქმის ყველა არსებული ვაქცინით აცრილს უღებს კარებს, გარდა ამისა, აწესებს შესვლის გარკვეულ პირობებს მათთვისაც, ვინც აცრილი არ არის.
სლოვენიაში მოგზაურობას შეძლებენ როგორც საქართველოში შემოტანილი სინოვაკის, სინოფარმის, ასტრაზენეკასა და ფაიზერის, ასევე მსოფლიოში არსებული სხვა ვაქცინებით აცრილები, მათ შორის, მოდერნას, კოვიშილდის (ინდოეთში წარმოებული ასტრაზენეკა), ნოვავაქსისა და სხვა.
იმისათვის, რომ სლოვენიაში შესვლა უპრობლემოდ შეძლოთ, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინების მიღებიდან 14 დღე უნდა იყოს გასული, ასტრაზენეკა – 21 დღე, მოდერნა – 14 დღე, ფაიზერი – 7 დღე, ჯონსონი&ჯონსონი – 14 დღე, სპუტნიკ V – 14 დღე.
მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ევროპის ქვეყნები გეგმავენ აამუშაონ ე.წ. კოვიდპასპორტის მექანიზმი, სადაც აღნიშნული იქნება მოგზაურის ვაქცინაციის სტატუსი. ევროპაში მოგზაურობას სწორედ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით შეძლებთ.
