მთავრობას დიდი თავშესაფრებიდან ბავშვების გამოყვანაში დავეხმარებით — UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აცხადებს, რომ მზადაა, დაეხმაროს მთავრობას დიდი ზომის თავშესაფრებიდან ბავშვების ოჯახსა და მცირე ზომის საოჯახო ტიპის თავშესაფრებში დაბრუნებაში. UNICEF-ის თქმით, ამ პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას.

ორგანიზაციის განცხადებითვე, ბავშვებზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიების პროცესი სწრაფად და პროცედურების დაცვით უნდა წარიმართოს, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია თავიდან უნდა იქნას არიდებული.

“ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები, რათა განისაზღვროს შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა და საჭირო პროფესიული მხარდაჭერა. საჭიროა გაძლიერდეს თავად ალტერნატიული ზრუნვის და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები, რათა ინსტიტუციის დატოვების შემდეგ ბავშვებს, მათ ოჯახებსა და მათთან მომუშავე პროფესიონალებს ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა.

გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული ოჯახების გაძლიერებისკენ და ბავშვების ოჯახებში შენარჩუნებისაკენ, ვიდრე დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების დაფინანსებისკენ”, — აცხადებენ UNICEF-ში.

გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული ოჯახების გაძლიერებისკენ და ბავშვების ოჯახებში შენარჩუნებისაკენ, ვიდრე დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების დაფინანსებისკენ.

“გაეროს ბავშვთა ფონდი 2005 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას. იუნისეფი გააგრძელებს დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებაში და ყველა ბავშვისა და მათი ოჯახებისთვის ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობის ხელშეწყობაში”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

“პანსიონში ვითარება უკიდურესად საგანგაშოა” — ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხედვა