მაგთიკომის განცხადება კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშზე

მაგთიკომის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში  საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას და კომპანიების დისკრედიტაციას ემსახურება. 

მათივე თქმით, არაკომპეტენტურობისა და ფაქტების დამახინჯების  აშკარა მაგალითები კომისიის 2020 წლის ანგარიშში მრავლად გვხვდება, საილუსტრაციოდ კი რამდენიმეს მოჰყავთ:

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში  შესული ცვლილებები

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილებებს კომისია მის წარმატებად, სახელმწიფოსთვის სასარგებლო და პოზიტიურ მოვლენად აფასებს მაშინ, როდესაც საჯაროდ ცნობილია ვენეციის კომისიის უკიდურესად უარყოფითი დასკვნა ამ კანონთან (ცვლილებებთან) მიმართებაში (წყარო – კომისიის 2020 წლის ანგარიშის გვ. 12 და ვენეციის კომისიის დასკვნა https://www.venice.coe.int/webforms/documents/?opinion=1008&year=all; https://idfi.ge/public/upload/Analysis/Venice-and-GNCC.pdf)

ამასთან, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების არაეფექტურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კავკასუს ონლაინში სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ კომპანიის 51%-იანი წილიც გაიყიდა კომისიის თანხმობის გარეშე.

ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების რეგულირება

ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების გამართლება აბსურდული და ყალბი არგუმენტებით, როდესაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში  მსგავსი ფორმით რეგულაცია არ არსებობს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პოტენციური ვირტუალური 

ოპერატორის აშკარა მხარედ აქცევს და უკარგავს მას დარგის მარეგულირებელი, ნეიტრალური არბიტრის როლს. კონკრეტულად:

როგორც საჯაროდ არის გაცხადებული, საქართველოში მოქმედი არც ერთი მობილური ოპერატორი არ არის წინააღმდეგი ორმხრივ, ბიზნესი ბიზნესთან დაფუძნებულ ურთიერთთანამშრომლობაზე არასავალდებულო ვირტუალურ ოპერატორთან, მარეგულირებელი კომისიის ჩარევის გარეშე. ეს ურთიერთობა უნდა იყოს  პარტნიორული და არა იძულებითი, როგორც ეს ხდება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. საქართველოში სამი მობილური ოპერატორიდან ორი წმინდა ზარალზეა! ხოლო საქართველოში მობილური მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში, თავად კომისიის მიერ ჩატარებული კვლევითაც კი (გვ.6 – https://www.magticom.ge/files/price-analysis-of-mobile-and-fixed-communication-services.pdf) ისმის ლოგიკური კითხვა: რისთვის ან ვისთვის კეთდება სავალდებულო (იძულებითი) ვირტუალური ოპერატორის შემოყვანა საქართველოში?

მობილური მომსახურების საცალო ბაზრის რეგულირება

კომისიის ანგარიშის 21-ე გვერდის მიხედვით – „მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და სატარიფო ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო – „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ (ბრენდული სახელი „ბილაინი“) მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე ვეღარ გააძვირებენ“ – რეალურად ეს არის დარგის დამაზიანებელი ისეთი სახის გადაწყვეტილება, რასაც ფაქტობრივად ანალოგი არ აქვს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში საცალო ტარიფები არ რეგულირდება მარეგულირებელი კომისიის მიერ. 

სხვა საკითხები

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2020 წლის ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას აქვს ე.წ. ფეიკ ნიუსის ტიპიური სტრუქტურა, როდესაც მოყვანილია რამდენიმე სწორი ფაქტი (მაგ:  ბაზრის არსებითი წილი ეკუთვნის „მაგთიკომს“ და „სილქნეტს“; ბაზარზე არსებობს შედარებით დაბალფასიანი შეთავაზებები…) და ამის შემდეგ მსჯელობა გრძელდება ისეთი ლოგიკით, რომელიც საერთოდ არ გამომდინარეობს ამ ფაქტებიდან, მაგრამ ხელსაყრელია კომისიისთვის. ეს არ არის მათი მხრიდან პირველი შემთხვევა და კომისია, რომელიც ვითომ ებრძვის ფეიკ ნიუსებს, სინამდვილეში თავად მიმართავს და ამკვიდრებს ამ მეთოდს. 

კომისიას უნდა ჰყავდეს ხუთი წევრი. დღეს ჰყავს მხოლოდ ოთხი. იმ წევრს, რომლის თანამდებობა დღემდე ვაკანტურია, უფლებამოსილება 2019 წლის ოქტომბერში შეუწყდა. გაკვირვებას იწვევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა – კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების შესახებ – დღემდე იგნორირებულია. იგივე კანონი კომისიის სრულად დაკომპლექტების აუცილებლობასაც განსაზღვრავს – კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე… შესაბამისად, ისმის რიტორიკული კითხვა – ამიტომ ხომ არ ხდება კანონის მოთხოვნის იგნორირება და ამ საკითხის არასახვა კომისიის 2020 წლის ანგარიშში?

კომისიის 2020 წლის ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ კომისია არის არა „დარგის არქიტექტორი“, როგორც თავად  მოიხსენიებს საკუთარ თავს, არამედ სფეროს განვითარების ხელშემშლელი, სადამსჯელო ორგანო, რომლის ზეწოლა და „ბულინგი“ ნეგატიურ ასახვას პოვებს კომპანიების და  მთლიანად დარგის განვითარებაზე. ნაცვლად იმისა, რომ კომპანიები დარგის განვითარებაზე ვფიქრობდეთ და ვზრუნავდეთ, გვიწევს კომისიის არაადეკვატური მოთხოვნების და ახირებების დაკმაყოფილება.”