ახალი ამბები

ეს არ იყო გუნდის ღალატი, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი — სუბარი გახარიაზე

7 ივნისი, 2021 • 946
ეს არ იყო გუნდის ღალატი, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი — სუბარი გახარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოზარ სუბარის თქმით, პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენლები, განსაკუთრებით რეგიონებში, ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა იყო, თუმცა ივანიშვილმა გადაწყვიტა, საკითხისთვის ნათელი მოეფინა.

“პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოსთვის მართლა მნიშვნელოვან მომენტში უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. ეს არ იყო გუნდის ღალატი, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი, კანონის უზენაესობის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა, იმიტომ, რომ როდესაც კანონი უნდა აღსრულდეს და პრემიერი ამბობს, ის წინააღმდეგია კანონის აღსრულების და მიდის თანამდებობიდან. ერთადერთი შეიძლება ამ კაცის მიზანი იყო, რაღაცნაირად ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა. პარალელურად, გახარია და მისი გუნდის წევრები დადიოდნენ და განსაკუთრებით რეგიონებში ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა. ეს იყო ტყუილი, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და იმ მართლა ღალატისთვის, რომელიც ჩაიდინა გიორგი გახარიამ და მისმა გუნდის წევრებმა”, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანშვილი პოლიტიკიდან წავიდა და “ქართული ოცნების” წევრებს მასთან პოლიტიკურ თემებზე კონტაქტი არ აქვთ, შეიძლება ადამიანური კონტაქტი არსებობდეს.

“ამ ფონზე, როცა ვიღაც ცდილობს, მისი სახელი გამოიყენოს და გამოიყენოს არასწორად, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს მოჰფინოს ნათელი და თავისი პოზიცია გაამჟღავნა ძალიან მკაფიოდ, მე მგონი, კითხვები დღეს აღარ დარჩა არავის”, — განაცხადა სუბრარმა.

“ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა, დღეს, 7 ივნისს, წერილი გაავრცელა, რომელშიც გიორგი გახარიას მოღალატეს უწოდებს.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი