ახალი ამბები

ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერი არ იქნება — ოპოზიცია კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდა

3 ივნისი, 2021 • 1046
ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერი არ იქნება — ოპოზიცია კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდა

ისრაელს ახალ მთავრობას ოპოზიციური პარტიები ჩამოაყალიბებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ, 12-წლიანი კოალიციური მმართველობის შემდეგ, მთავრობას ტოვებს.

ახალი მთავრობის შექმნის შეთანხმების მიღწევის შესახებ პარტია „ეშ ათიდის“ ხელმძღვანელმა, იაირ ლაპიდმა ტვიტერზე დაპოსტა.

ლაპიდისვე თქმით, მან უკვე აცნობა პრეზიდენტს მიღწეული შეთანხმების შესახებ.

“ეს მთავრობა იმუშავებს, რათა მოემსახუროს ისრაელის ყველა მოქალაქეს, მათ, ვინც ხმა მოგვცეს და ასევე მათ, ვინც არ მოგვცეს. ეს მთავრობა პატივს სცემს ოპონენტებს და გააკეთებს ყველაფერს, რათა გააერთიანოს და დააკავშიროს ისრაელის საზოგადოების ყველა ნაწილი”, — განაცხადა ლაპიდმა.

მას მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მას შემდეგ დაავალა, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლო ორ წელიწადში მე-4 საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ დროში ვერ მოახერხა მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება.

ისრაელის პრეზიდენტმა ტვიტერის პოსტითვე მიულოცა ლაპიდს მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმების მიღწევა. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პარლამენტი მალევე შეიკრიბება და დაამტკიცებს ახალ მთავრობას.

ლაპიდმა მთავარი კოალიციურ შეთანხმებას მიაღწია რელიგიურ ნაციონალისტთან, ნაფტალი ბენეტთან, რომელიც მანამდე ნეთანიაჰუს მოკავშირედ ითვლებოდა. სწორედ ბენეტი და ლაპიდი იქნებიან მომავალი პრემიერ-მინისტრები იმ შემთხვევაში, თუ მათი მთავრობა დროზე ადრე არ დაიშლება.

შეთანხმების თანახმად, მმართველობის 4 წლის განმავლობაში, პირველი 2 წელი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი იქნება, ხოლო ბოლო ორი წერლი — იაირ ლაპიდი.

გარდა ბენეტისა და ლაპიდის პარტიებისა, კოალიციურ მთავრობაში კიდევ 6 პარტია შედის, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იდეოლოგიურად. კოალიციაში შედის არაბული პარტია “რაამიც”.

მხარეთა შეთანხმებას ჯერ კიდევ სჭირდება მხარდაჭერა ქვეყნის პარლამენტში. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, შესაბამისი სხდომა 7-დან 12 დღის მონაკვეთში დაინიშნება, სადაც ახალ მთავრობას ხმათა უმრავლესობა დასჭირდება დასამტკიცებლად.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომლის პარტიამ “ლიკუდმა” 23 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, სხვა პარტიებთან შედარებით, ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა მას კოალიცია კიდევ ერთხელ შეექმნა.

ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ისრაელში ქრთამის აღებისა და თაღლითობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი