ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაძაბულობა იყო

1 ივნისი, 2021 • 924
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაძაბულობა იყო

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მოქალაქეები ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, დაძაბულობა იყო.

აქციის დაწყებიდან მალევე ადგილზე მოვიდა მცირე ჯგუფი, რომელმაც განაცხადა, რომ კონტრაქციას აწყობს. ისინი შეურაცხმყოფელი ლექსიკით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს პროვოკაციაა და მოუწოდებენ პოლიციას, დაიცვას მათი გამოხატვის თავისუფლება.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეები განარიდა.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი