ახალი ამბები

„რკინის გალია არის ნინოწმინდის პანსიონის სიმბოლო“ – პერფორმანსი ქუთაისში

1 ივნისი, 2021 • 1391
„რკინის გალია არის ნინოწმინდის პანსიონის სიმბოლო“ – პერფორმანსი ქუთაისში

დღეს, პირველ ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, პარკთან ახლოს აქტივისტმა, აკაკი საღინაძემ პერფორმანსი გამართა. ის გვიყვება, რომ რკინის გალიაში ჩასმული სათამაშო ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების სიმბოლოა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. აქ უკვე თვეზე მეტია არ უშვებენ სახალხო დამცველს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად. თუმცა შეუშვეს ფალავანდიშვილები და სხვა ულტრანაციონალისტური მედია თუ აქტივისტები .

„რკინის გალია არის სიმბოლო ნინოწმინდის პანსიონის, ხოლო მასში გამოკეტილი სათამაშოები არიან ის ბავშვები, რომელთა ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, ერთი მხრივ, მეუფე სპირიდონე, მეორე მხრივ კი, საქართველოს სახელმწიფო, რომელიც არ აღასრულებს სამართლიანობას და დღემდე არ ვიცით, რა მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება ბავშვებს.

ამ პერფომანსით საზოგადოებას მინდა მოვუწოდო, საკითხისადმი მეტი ყურადღება იქონიონ, რადგან ბავშვთა უფლებათა დაცვის დღე არ ნიშნავს მხოლოდ უფასო კონცერტებსა და ზეიმებს, ამ დღეს რეალური ფუნქცია უნდა შეიძინოთ“, – ამბობს აქტივისტი.

პერფორმანსი ქუთაისში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად. ფოტო: აკაკი საღინაძე

ის გვიყვება, რომ დღეს ქუთაისის ამ პარკში მერიამ ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დაგეგმა.

აკაკი საღინაძე.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი