ხვალ, 12 საათამდე თუ მოთხოვნები არ შესრულდება, დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ — გოლეთიანი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად ხვალამდე, 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს დრო.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

“ხვალ, 12 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო. წამზომი ჩაირთო. გადაწყვეტილება მათზეა. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე. იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ეს პროტესტი, არის ის, რომ ჩვენ ყველა აქ უნდა დავრჩეთ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. თუ ხვალ, 12 საათამდე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას. ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას”, — განაცხადა საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადდება მორატორიუმი და ენერგოპოლიტიკის შესამუშავებლად საერთო სახალხო დისკუსია გაიმართება. ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. საპროტესტო მოძრაობის გაძიერების ფონზე, 2021 წლის 12 მარტს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გამოაცხადა, რომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორთან დიალოგის შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე არ დაიწყება. მოგვიანებით, მარტის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კვლევების ვალიდაციამდე აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვემდე ვადით შეჩერდებოდა.