ახალი ამბები

კომიტეტმა “გირჩის” წევრ სალომე მუჯირისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

21 მაისი, 2021 • 1790
კომიტეტმა  “გირჩის” წევრ სალომე მუჯირისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “გირჩის” წევრ სალომე მუჯირისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა დღეს, 21 მაისს, გაიმართა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საკითხი დადგენილების მიღებისთვის პარლამენტის სესიაზე გავა.

“გირჩმა” ცესკოში რეგისტრირებული პარტიული სია მე-8 ნომრიდან 129-ის ჩათვლით გააუქმა. შესაბამისად, სალომე მუჯირის ადგილმონაცვლე “გირჩის” სიიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება, რითაც პარტია გენდერული კვოტირების პრინციპს გვერდს აუქცევს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტია ვალდებულია, საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში წარადგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამასთან, თუკი პარლამენტს წევრი გამოაკლდება, ის იმავე სქესის ადამიანმა უნდა ჩაანაცვლოს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, “გირჩის” სიით დეპუტატები გახდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი. როგორც ცნობილია, “გირჩი” კვოტირებას არ ეთანხმება და თავიდანვე განაცხადა, რომ სიაში მყოფი ქალები დეპუტატის მანდატზე უარს იტყოდნენ და სალომე მუჯირის ადგილს ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებდა. ალექსანდრე რაქვიაშვილი უკვე დადის პარლამენტში.

“გირჩი” მეორე პარტიაა, რომლის შემთხვევაშიც გენდერული კვოტირების პრინციპი დაირღვა. “პატრიოტთა ალიანსის”საარჩევნო სიიდან კანდიდატების ნაწილის მოხსნისა და პარლამენტში გასული დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში 4 კაცი აღმოჩნდა.

2-მა პარტიამ კვოტირებას გვერდი აუარა, სად არის შავი ხვრელი?

მასალების გადაბეჭდვის წესი