დმანისში პოლიცია მხოლოდ ადგილობრივებს უშვებს

დმანისიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით პოლიციას სამანქანო გზა აქვს გადაკეტილი. პოლიციელმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ქალაქში მხოლოდ ადგილობრივებს ატარებენ, ვინც არ წარმოადგენს კონფლიქტის შესაძლო მხარეს.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. რამდენიმე წუთის წინ ქალაქში შევიდა სპეცრაზმის და წყლის ჭავლის მანქანა. დმანისის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობენ ეთნიკური ქართველები, რომლებიც ახლომდებარე დასახლებებიდან ჩამოვიდნენ, თუმცა პოლიცია მათ დმანისის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. შეკრებილების ნაწილი აცხადებს, რომ დმანისში შესვლა დაპირისპირებული მხარის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მხარდასაჭერად სურთ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ არ სურთ კონფლიქტის გაღვივება. ისინი ასევე ითხოვენ დღევანდელი დაპირისპირებისას დაკავებული ეთნიკურად ქართველი პირების გათავისუფლებას.

დმანისში საქართველოს მოქალაქეებს – ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელებს შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.