ოქტომბრისთვის ლიეტუვა საქართველოს ასტრაზენეკას 15 000 ვაქცინას გადმოსცემს

ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 200 000 ვაქცინას გაუზიარებს, მათ შორის, 100 000 ვაქცინას მიიღებს უკრაინა, 15 000-ს — საქართველო, 11 000-ს კი— მოლდოვა.

ამის შესახებ „ტვიტერზე“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს. „ეს არის პატარა ნაბიჯი ლიეტუვიდან. ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორები ევროპაში შეუერთდებიან სოლიდარობას“, — აცხადებს ლანდგსბერგისი.

As good as our word: 🇱🇹 govt just confirmed 200.000 vaccines to EaP countries. Starting with 🇺🇦 – 100k vaccines, 🇬🇪 – 15k and Moldova 🇲🇩- 11k. Small step by LTU, hopefully our partners in Europe will join in solidarity with many more!

— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) May 14, 2021

განახლება: მოგვიანებით ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ ტვიტერზე დაწერა, რომ ლიეტუვა აღნიშნულ ქვეყნებს ვაქცინებს 2021 წლის ოქტომბრისთვის გადასცემს. მისი განცხადებითვე, საუბარია„ვაქსზევრიას“, ანუ ასტრაზენეკას ვაქცინებზე.

ევროკავშირის წევრი სახელმიწფოების დედაქალაქები ნერგავენ შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების გაზიარების პრაქტიკას. მაგალითად, ავსტრია კოორდინაციას უწევს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის 650 000 დოზა აგვისტოსთვის მიიღონ ბოსნია-ჰერცოგოვინამ, ალბანეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, კოსოვომ, მონტენეგრომ და სერბეთმა. თავად ევროკომისიას არ აქვს არცერთი ცალი ვაქცინა. აპრილის ბოლოს საფრანგეთმა 105 000 დოზა ვაქცინა გადასცა მავრიტანიას, ივნისის შუა რიცხვებისთვის ეს რაოდენობა ნახევარ მილიონამდე უნდა გაიზარდოს. იგივე გეგმები აქვთ ესპანეთს, პორტუგალიას, შვედეთსა და დანიას. ევროკომისიის პრეზიდენტმა შეაქო რუმინეთი, რომელიც მოლდოვას ეხმარება.

გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, პოლონეთი ემზადება, თავის თავზე აიღოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების კოორდინაცია.


მასალა პრემიერ-მინისტრის გავრცელებული დამატებითი ინფორმაციით განახლდა. 

პოლონეთი აპირებს საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდების კოორდინირებას — Süddeutsche Zeitung