ახალი ამბები

ვაქცინის II დოზის მიღების გადავადებას უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – კვლევა

14 მაისი, 2021 • 1526
ვაქცინის II დოზის მიღების გადავადებას უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – კვლევა

ამერიკული სამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია Mayo Clinic-ის მოდელირების თანახმად, ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების მეორე დოზის მიწოდების ვადის გაზრდას, როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა, შეუძლია შედარებით მეტი სიცოცხლის გადარჩენა.

ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევისა და მოდელირების შესახებ ბრიტანული The Guardian ავრცელებს.

ვაქცინების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიების მითითების თანახმად, ვაქცინის მეორე დოზა პირველის გაკეთებიდან 3-4 კვირის თავზე უნდა გაკეთდეს. მიუხედავად ამისა, გაერთიანებულმა სამეფომ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის შემოიღო 12-კვირიანი ინტერვალი, რათა უფრო მეტ ადამიანს რაც შეიძლება სწრაფად მიეღო ვაქცინის პირველი დოზა.

გარდიანის მიხედვით, იმუნოლოგიური მტკიცებულება ცხადყოფს, რომ ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინის პირველი დოზა ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზმს თითქმის 80 პროცენტამდე ეფექტურობით იცავს. ბრიტანეთის მაგალითი აჩვენებს იმასაც, რომ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჩაიტარეს ფაიზერისა და ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინით აცრა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეთ.

ამერიკული კვლევა ქმნის მეორე დოზის მიწოდების ვადის გაზრდის მოდელირებას ისეთ პოპულაციებში [შერჩევებში], სადაც ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს.

კვლევის თანახმად, პირველი დოზის უფრო მეტი ადამიანისთვის მიცემა მეორე დოზის მიწოდების ვადის გაზრდის ხარჯზე ადამიანთა სიცოხლეს გადაარჩენდა.

ამ შემთხვევაში, კვლევის ავტორების თანახმად, მსგავსი სტრატეგიის გამოყენებით, მოსახლეობის ჯგუფში, რომელთა ასაკიც 65 წელს ქვემოთაა და ვაქცინის ეფექტურობა 80 პროცენტია და მხოლოდ მოსახლეობის 0.1-დან 0.3 პროცენტამდე ნაწილი იცრება დღიურად, ყოველ 100 000 მოსახლეზე 26-დან 47-მდე გარდაცვალების თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

საქართველოში 10 მაისიდან დაიწყო მოქალაქეთა ასტრაზენეკას ვაქცინით მეორე დოზით აცრა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ვაქცინაციაზე სარეგისტრაციო საიტზეა მითითებული, რეგისტრაცია მე-2 დოზის მისაღებად პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალშია შესაძლებელი.

თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სხვადასხვა ექსპერტები და თავად NCDC ამბობს, რომ ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით, უკეთესია, თუ ინტერვალები აცრებს შორის უფრო გრძელი იქნება, ვიდრე 4 კვირაა, მაგრამ არ გადასცდება 12 კვირის ნიშნულს.

როდის არის ასტრაზენეკას მეორე დოზა ყველაზე ეფექტური?

მასალების გადაბეჭდვის წესი