ნეტგაზეთი | საქართველოს საელჩო კვლავ აფრთხილებს ისრაელში მყოფ მოქალაქეებს საქართველოს საელჩო კვლავ აფრთხილებს ისრაელში მყოფ მოქალაქეებს – Netgazeti
RU | GE  

საქართველოს საელჩო კვლავ აფრთხილებს ისრაელში მყოფ მოქალაქეებს

ისრაელში საქართველოს საელჩო იქ მყოფ მოქალაქეებს კვლავ აფრთხილებს და მოუწდებს, ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე უსაფრთხოების ზომები დაიცვან.

“საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოგიწოდებთ, დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მიმდინარე სამიზნე აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაა. ვრცელდება მუქარა თელ ავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე”, — წერია განცხადებაში.

ისრაელსა და “ჰამასს”, ასევე ღაზის სექტორში მოქმედ სხვა პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის იერუსალიმში, მუსლიმთათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან. ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები.

მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს იზრდება, ისრაელის ქალაქებში კი მწვავდება ძალადობა ებრაელებსა და არაბებს შორის.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, დაღუპულია 87 პალესტინელი, რომელთაგან 18 ბავშვია, 8 კი — ქალი. ისრაელში დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვი და მოზარდი.

ვრცლად:

“ვმხიარულობდით, როდესაც უცებ დაბომბვა დაიწყეს” — ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლი არ წყდება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან