ახალი ამბები

სინოფარმის მეორე დოზის რეგისტრაციისთვის პორტალი ხარვეზებით მუშაობს

12 მაისი, 2021 • 1426
სინოფარმის მეორე დოზის რეგისტრაციისთვის პორტალი ხარვეზებით მუშაობს

კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პორტალი https://booking.moh.gov.ge/ შეფერხებებით მუშაობს.

დღეს, 12 მაისს 20:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია “სინოფარმის” მიერ წარმოებული ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, თუმცა ამ დრომდე, მოქალაქეთა დიდი ნაწილი პორტალზე რეგისტრაციას ვერ ახერხებს.

ნეტგაზეთს დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, რომ “პორტალზე არის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც მალე გამოსწორდება”.

შეკითხვაზე, ამჟამად ის პირებიც უნდა დარეგისტრირდნენ თუ არა მეორე დოზის მისაღებად, რომელთაც ვაქცინაციის პირველი დოზა არ მიუღიათ, თუმცა პირველი დოზისთვის დარეგისტრირებულნი არიან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვიპასუხეს, რომ “პორტალზე ამჟამად ის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ, რომელთაც სინოფარმის პირველი დოზა უკვე მიიღეს”.

“ვინც უკვე აიცრა, მათთვის ვაქცინის მეორე დოზა გათვალისწინებულია. მეორე დოზის გარეშე არავინ დარჩება”, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი