ახალი ამბები

დაპირისპირება იერუსალიმში — დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი

10 მაისი, 2021 • 1251
დაპირისპირება იერუსალიმში — დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი

იერუსალიმში მცხოვრებ პალენსტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის 10 მაისს ალ-აკსას მეჩეთთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, BBC-ის ცნობით, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დაპირისპირების დროს პოლიციამ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ პალესტინელები ღამის განმავლობაში მოლოტოვის კოქტეილებითა და ქვებით გამაგრდნენ მეჩეთში, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ იერუსალიმის დღის აღნიშვნისთვის. ამ დღეს ისრაელელი ახალგაზრდები აღნიშნავენ 1967 წელს აღმოსავლეთ იერუსალიმის დაკავებას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პრეს-სპიკერის თვითერის პოსტი. “ლოცვის თავისუფლება გარანტირებულია, ძალადობრივი პროტესტის თავისუფლება – არა”.

ქუჩის დაპირისპირებები მიმდინარეობს მოქალაქეებს შორისაც.

პალესტინელი დემონსტრანტები თავს ესხმიან მანქანას, რომელიც მანამდე ერთ-ერთ დემონსტრანტს დაეჯახა

მანამდე ისრაელის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ მოქალაქეებს აღნიშნულ მარშში მონაწილეობისთვის აღმოსავლეთ იერუსალიმში შესვლა და მუსლიმურ სალოცავებთან მიახლოება აუკრძალა.

პალესტინელები აღნიშნულ მარშს პროვოკაციად აღიქვამენ.

ისრაელში პალესტინელ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება. ალ-აკსას მეჩეთის ინციდენტს წინ უსწრებდა შეიხ ჯარას რაიონის პროტესტი, რა დროსაც ადგილობრივი არაბული მოსახლეობა ისრაელის სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი სახლებიდან შესაძლო გამოსახლებასა და ებრაული დასახლების აშენებას აპროტესტებდა.


ფოტო გარეკანზე: ისრაელის პრემიერ მინისტრის პრესსპიკერის თვითერის ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი