ახალი ამბები

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის მემორანდუმი გაფორმდა

10 მაისი, 2021 •
საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის დღეს, 10 მაისს ხელმოწერილი მემორანდუმით, ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმმოსვლა იწყება.

დოკუმენტს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა – სალომე ზურაბიშვილმა და სტევო პენდაროვსკიმ სკოპიეში მოაწერეს ხელი.

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის, რომელიც ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს”, – განაცხადა მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს შეთანხმება საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

“ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას, გავაძლიერებთ ურთიერთობებს ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მიმართულებით”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანთან ერთად სკოპიეში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. დღეს ხელი მოეწერა ქვეყნებს შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსაც.


აქამდე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ჩრდილოეთ მაკედონიაში სურდათ გამგზავრება, უნდა აეღოთ შესაბამისი კატეგორიის ვიზა, რომელიც თურქეთში, ქალაქ ანკარაში გაიცემოდა.

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ შენგენის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების მრავალჯერად შესვლა-გასვლის ვიზები, უფლება ჰქონდათ მაქსიმუმ 15 დღე ვიზის გარეშე შესულიყვნენ, დარჩენილიყვნენ ან ტრანზიტით ემოგზაურათ ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი