“ლელოს” თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, თბილისის მერის არჩევნებზე ლელოს თავისი კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ მან რ2-ის “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, საჭიროა, ხელისუფლებამ 43% ვერ მიიღოს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ოპოზიციამ წარმატებას მიაღწიოს არა მხოლოდ მერის არჩევნებში, არამედ თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში.

“ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში, უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციასაც შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, მერის არჩევნებში მისი კანდიდატურა არ განხილულა.

“ახალი სახეები უნდა წარმოჩინდეს ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც”.