ახალი ამბები

თუ თქვენი კამერები მეზობლების საკუთრებასაც იღებს, მათი თანხმობაც დაგჭირდებათ

29 აპრილი, 2021 • 1815
თუ თქვენი კამერები მეზობლების საკუთრებასაც იღებს, მათი თანხმობაც დაგჭირდებათ

პირი, რომლის სახლის გარე ფასადზე დაყენებული სათვალთვალო კამერა მეზობლის სახლსა და საერთო სივრცეს იღებდა, ინსპექტორის სამსახურმა გააფრთხილა. მას დაევალა აქამდე გაკეთებული ჩანაწერების წაშლა და კამერების მოხსნა. თუ მას მოუნდება კამერები ისევ დააყენოს, მეზობლების წერილობითი თანხმობა უნდა მოიპოვოს. ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ფიზიკური პირს აღნიშნული კამერები საკუთარი სახლის უსაფრთხოების მიზნით, სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ჰქონდა დამონტაჟებული და მიმდებარე ტერიტორიას მათი ნებართვის გარეშე უთვალთვალებდა.

ინსპექტორის სამსახურმა აღნიშნული ფაქტის შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით დადგენილი წესით დაეკისრა. ამავდროულად, მას დაევალა ზემოაღნიშნული სივრცეების ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა ან ვიდეოთვალთვალის განსახორციელებლად სხვა მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის მოპოვება. აღნიშნული დარღვევა პირველ ჯერზე გაფრთხილებას ან 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 2 ათასი ლარია.

უწყების განმარტებით, პირს აქვს უფლება, გარეშე პირების დაკვირვების გარეშე ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი სივრცით ისე, რომ არ მოხდეს საკუთარ საცხოვრებელ შენობაში და ეზოში მისი გადაადგილების და ქცევის მონიტორინგი. ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ პირმა საკუთრების და უსაფრთოების დაცვა ისე უნდა განახორციელოს, რომ მის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებმა საკუთარი საცხოვრებელი სივრცით თავისუფლად სარგებლობა შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი