ახალი ამბები |

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო შეტაკებები მიმდინარეობს

29 აპრილი, 2021 | | 2763
ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო შეტაკებები მიმდინარეობს

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო შეტაკებები მიმდინარეობს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, ყირგიზულმა სპეციალური დანიშნულების რაზმმა აიღო ტაჯიკური სასაზღვრო პოსტი.

პარალელურად ვრცელდება ცნობები ტაჯიკური ძალების მიერ ყირგიზულ სასაზღვრო პოსტებზე შეტევის შესახებ.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ორ რესპუბლიკას შორის მდებარე საზღვარზე დაფიქსირდა ორმხრივი სროლები, რასაც შეეწირა “სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე და დაიჭრა რამდენიმე”.

სასაზღვრო კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის გუშინ განახლდა, რაშიც მონაწილეობა ორივე მხარის დაახლოებით 150-მა პირმა მიიღო.

ტაჯიკეთი და ყირგიზეთი პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებს.

ოფიციალური ბიშკეკის განცხადებით, კონფლიქტის განახლების მიზეზი გახლდათ ტაჯიკური მხარის მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ სათვალთვალო კამერები ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების ბოძებზე, რასაც ყირგიზი მოქალაქეები შეეწინააღმდეგნენ, ამას კი მოჰყვა ადგილობრივ მოქალაქეებში [ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის] დაპირისპირება, რომელიც ქვების ერთმანეთისადმი სროლით გამოიხატა, ღამით კი კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა და დაიწყო სროლა.

ტაჯიკეთის ცნობით, ინციდენტი გამოწვეულია ყირგიზი მოქალაქეების წაქეზებით.

რია ნოვოსტის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი “სწავლობს ვითარებას”.

ორ ქვეყანას შორის საზღვარი წარსულშიც გამხდარა კონფლიქტის მიზეზი. მთავარი მოტივი, რატომაც ყირგიზი და ტაჯიკი მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება, არის შეუთანხმებელი საზღვრის მონაკვეთი, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში ყოფით კონფლიქტებს იწვევს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ტაჯიკური და ყირგიზული არმიების მობილიზებისა და გადაადგილების ვიდეო. ასევე, ვრცელდება სროლების კადრებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი