პარლამენტარს ხულიგნობისთვის ₾2000-იანი ჯარიმა ეცოტავება – აი, რა ხდება სინამდვილეში:

პარლამენტის წევრი „ევროპელი სოციალისტებიდან“, მილიონერი ბიზნესმენი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სასჯელი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და ₾1000 და ₾2000-იანი ჯარიმები საკმარისი არ არის.

„სხვა განზომილება რომ იყოს და არა ლარებში? ერთ წელიწადში, ხომ ხედავთ, როგორ გაუფასურდა ჩვენი ლარი და რა აზრი აქვს ამას?” – იკითხა მან პარლამენტში განხილვისას და გამოვიდა ინიციატივით, წვრილმანი ხულიგნობის განმეორება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

რა ხდება?

28 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (ასკ-ში), რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

წვრილმან ხულიგნობას ასკ-ის 166-ე მუხლი ითვალისწინებს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას კი — 173-ე მუხლი. ამჟამად სანქციები ასეთია:

კანონპროექტით ეს სანქციები ასე მკაცრდება:

რას ამბობს ფრიდონ ინჯია?

ინჯიამ, რომელიც პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გავიდა, განხილვისას განაცხადა, რომ ამ გადაცდომებზე სასჯელი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს:

„ამ ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა. დედის გინება სალაპარაკო ენა გახდა. აბსოლუტურად ეს ყველაზე მოქმედებს, ოჯახზე, ბავშვებზე, განათლებაზე. აბსოლუტურად ყველაფერზე. მიმაჩნია, რომ [სასჯელი] უფრო უნდა გამკაცრდეს კიდეც. და არავითარი პატიება“.

პარლამენტარი ინჯია მიიჩნევს, რომ წვრილმანი ხულიგნობა, მესამედ განმეორების შემთხვევაში, სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს:

„აქ წერია: ერთხელ -1000 ლარამდე, მეორედ- 2000 ლარამდე. მესამედ და მეოთხედ თუ გააკეთა, როგორ იქნება? კვლავ 2000-2000 ლარი? ჯერ ეს ერთი, ლარი როგორ მიდის, კარგად ხედავთ. ხომ არ ჯობია, ეს მიბმული იყოს საშუალო ხელფასზე? სხვა განზომილება იყოს და არა ლარებში? ერთ წელიწადში, ხომ ხედავთ, როგორ გაუფასურდა ჩვენი ლარი და რა აზრი აქვს ამას“?…

თუ მესამედ და მეოთხედ მოხდა [გადაცდომა], სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გადავიდეს და 6 თვე, ერთი წელი იჯდეს იქ. არ დაიგინო, არ გააფუჭო, არ იხულიგნო და ვსო, დამთავრდა ამითი“.

ვინ არის ფრიდონ ინჯია?

ფრიდონ ინჯია ბიზნესმენია, რომელიც საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი იყო 1992–1998 წლებში, ასევე, მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.

2020 წლის არჩევნების შემდეგ ის „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით შევიდა პარლამენტში [ადგილმონაცვლეობით — მას შემდეგ, რაც „ალიანსის“ 3-მა წევრმა უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე] და ამავე სიით გასულ 2 დეპუტატთან ერთად პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააარსა.

2021 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფრიდონ ინჯია, რომელიც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მილიონერია:

ის და მისი მეუღლე ფლობენ ბინებს, საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთებს, შენობა-ნაგებობებს, სათავსო და არასაცხოვრებელ ფართებს, ასევე, ავტოფარეხებს, რომლებშიც სხვადასხვა წელს, ჯამში, გადაიხადეს:

ჰყავთ სამი ავტომობილი:

„არ უნდა მოუწიოთ მევახშესთან წასვლა“ – იოსელიანი

კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის კიდევ ერთმა წევრმა პარტია „მოქალაქეებიდან“, ლევან იოსელიანმა, განაცხადა, რომ პროექტით შეთავაზებული ჯარიმები უფრო მაღალია, ვიდრე მოქალაქეების გადახდისუნარიანობა და პარლამენტს მოუწოდა, ჯარიმების ზომას გადახედონ:

„არ შეიძლება სანქციები იმდენად დააწვეს მოქალაქეებს, რომ მათი ცხოვრების ხარისხი გააუარესოს. არ შეიძლება ადმინისტრაციული დარღვევის გამო იმხელა ჯარიმის გადახდა მოუწიოს, რომ გახდეს წასასვლელი მევახშესთან ან სხვაგან, არ მოუწიოს სახლის ჩადება, რათა დაიხსნას თავი ამ ყველაფრისგან. უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა“, – განაცხადა მან.

„კანონპროექტით შეთავაზებული ჯარიმები არის უფრო მაღალი, ვიდრე გადახდისუნარიანობა ჩვენს ქვეყანაში და ეს საკითხიც უნდა იყოს კიდევ ერთხელ კომიტეტზე განხილული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამაც. მან განაცხადა, რომ ასკ-ში კიდევ ერთ დაგეგმილ ცვლილებასთან ერთად პროექტის მიზანი სახელმწიფოს უფლების გაფართოება და ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვაა.

ხვიჩიამ აღნიშნულ ცვლილებებს უწოდა „ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ, თავისუფლებათა წინააღმდეგ გადადგმული აშკარა ნაბიჯი“.

ცვლილებების კრიტიკა

აქტივისტურ წრეებში მიიჩნევენ, რომ სანქციების გამკაცრება დემონსტრაციების წინააღმდეგ არის მიმართული, რათა პროტესტის გამოხატვის სურვილი ჩაახშონ.

უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ეს ნაბიჯი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, საზოგადოებაში თვითცენზურას გამოიწვევს.

ამასთან, ორგანიზაციების ნაწილი კიდევ ერთხელ მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეალური რეფორმის საჭიროებაზე და აცხადებს, რომ კოდექსის არსებული ფორმაც კი უკვე გამოიყენება გამოხატვის უფლების შესაზღუდად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს:

„ამ კოდექსის ამ ფორმით შენარჩუნება არის გამოყენებული შეკრების უფლების შესაზღუდად. ეს პოლიციას უტოვებს მექანიზმს, თავისი ძალაუფლება გამოიყენოს დაუსაბუთებლად, მათ შორის აქციის მონაწილეების მიმართ. ამიტომ, როდესაც მოლოდინია იმის, რომ კანონი მთლიანად გადასახედია, რეფორმაა ჩასატარებელი, სანქციის დამძიმება ამ პირობებში … არის სრულიად გაუმართლებელი და არაგონივრული გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ კოდექსის მოქმედების ხარისხს. ამან კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული პირების მიმართ“…