“სინოფარმის” ვაქცინაზე 6500-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური კომპანია “სინოფარმის” ვაქცინაზე, 28 აპრილის დილის მონაცემებით, 6 500-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაცია 27 აპრილს, 20 საათზე, 18-დან 60 წლამე მოქალაქეებისთვის გაიხსნა. როგორც იმნაძემ თქვა, დარეგისტრირებულთაგან 4 500 თბილისზე მოდის, დანარჩენი კი- რეგიონებზე. ჯერჯერობით ვაქცინაციისთვის მხოლოდ ორკვირიანი პერიოდია გახსნილი.

საქართველოში ამ დროისათვის 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის მხოლოდ “სინოფარმის” ვაქცინაა ხელმისაწვდომი, რომელსაც ამ დრომდე არ მიუღია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა მას უკვე იყენებენ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. ჯანმო “სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტს.

ქვეყანაში შემოტანილია სინოფარმის 100 ათასი დოზა, რასაც 50 ათასი ადამიანის ასაცრელად გამოიყენებენ.

“სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ სპეციალურად შექმნილ ვებსაიტზე booking.moh.gov.ge