ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგიში საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ავრცელებს.

ლანსბერგისი ოფიციალურ შეხვედრებს 28 აპრილს გამართავს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ჩატარდება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ყოფნისას გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვრვლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ის ასევე პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა.

🇱🇹 Today FM @GLandsbergis has arrived in #Tbilisi on an official visit. Main meetings with political leadership and civil society partners of Georgia to discuss 🇱🇹🇪🇺NATO-🇬🇪and related reforms agenda will beginning tomorrow

— Andrius Kalindra (@a_kalindra) April 27, 2021