ნეტგაზეთი | უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე – სააკაშვილი უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე – სააკაშვილი – Netgazeti
RU | GE  

უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აუცილებელია, მას თავისუფლად ჩამოსვლის საშუალება ჰქონდეს.

სააკაშვილმა დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლა, პოლიტიკური კრიზისის ფონზე – „ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა“.

„პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოხდეს მართლაც განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც მოგვცემს საშუალებას გადავლახოთ ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის უდიდესი კრიზისი“, – აცხადებს სააკაშვილი.

ის განმარტავს, რომ საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობებისთვის, რისთვისაც რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი: ნიკა მელიას გათავისუფლება „ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა“; პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ასევე:

„და მესამე, მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე და მქონდეს ურთიერთობა ჩვენს მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის არის ეს ნაბიჯები გადასადგმელი, იმიტომ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ და დავდგები ხალხის გვერდით“, – ამბობს ის.

სააკაშვილი ვიდეოს ბოლოს მიმართავს ოპოზიციას და მოუწოდებს, ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ.

„ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის, ეს სიტუაციას გიმსუბუქებთ. არ აადვილებს, პირიქით, აძნელებს. მინდა თქვენთან ერთად გადავლახო [კრიზისი]. მაგრამ მიუხედავად იმისა, თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდით. მე მინდა, რომ სიტუაცია განიმუხტოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან