CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს კითხვას საქართველოს მთავრობების წარმატებებსა და წარუმატებლობების შესახებ.
შევარდნაძე – დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება და ეკონომიკური კოლაფსი
გამოკითხულთა 28 პროცენტს გაუჭირდა დაესახელებინა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებები, უფრო მეტმა, 34-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ შევარდნაძის მთავრობას საერთოდ არ ჰქონია წარმატება.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 12 პროცენტი მიიჩნევს, რომ შევარდნაძის ხელისუფლების მთავარი წარმატება საქარველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება იყო, 5 პროცენტის აზრით, ქვეყანაში განხორციელებული სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტები, 3-3 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავარ წარმატებად სამოქალაქო ომის დასრულება და ეროვნული ვალუტის შემოღება უნდა ჩაითვალოს.
გამოკითხულთა ნაწილი წარმატებად მიიჩნევს შევარდნაძის დასავლურ საგარეო კურსს, კონფლიქტების სტაბილიზაციას, ევროპის საბჭოში გაწევრიანებას, რუსული ბაზის დახურვასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას.
შევარდნაძის მთავრობის წარუმატებლობებზე საუბრისას, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ჯგუფი – 21 პროცენტი, ეკონომიკურ კოლაფსს ასახელებს.
მოსახლეობის 11 პროცენტს მიაჩნია, რომ შევარდნაძემ არაფერი გააკეთა 1990-იანი წლების კონფლიქტების თავიდან აცილებისათვის. 9 პროცენტის აზრით, მან ვერ აღმოფხვრა ელექტროენერგიის დეფიციტი. 7 პროცენტს მიაჩნია, რომ შევარდნაძის მთავრობამ ეფექტურად ვერ მართა ქვეყანა.
გამოკითხულთა მიერ დასახელებული შევარდნაძის მთავრობის წარუმატებლობები
ნაციონალური მოძრაობა – ეკონომიკური ზრდა და ადამიანის უფლებების დარღვევა
კვლევის ავტორების თანნახმად, გამოკითხულთა 24 პროცენტი მიიჩნევს, რომ 2003-2012 წლების მთავრობების მთავარი წარმატება კრიმინალთან ბრძოლა იყო. 23 პროცენტის აზრით კი, ეკონომიკური ზრდა.
5-5 პროცენტის აზრით, ამ პერიოდში მთავრობის მთავარი წარმატება იყო საზოგადოებრივი მომსახურებების გაუმჯობესება, წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრა და საქართველოს დასავლურ ინსტიტუციებთან დაახლოება.
გარდა ჩამოთვლილისა, მოქალაქეები წარმატებად ასევე ასახელებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებას, რუსული ბაზების ქვეყნიდან გაყვანას, ეკონომიკის დერეგულირებას, ჯანდაცვისა და სასამართლო რეფორმებსა და არჩევნების ხარისხის გაუმჯობესებას.
მოსახლეობის 5 პროცენტს მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავრობებს წარმატება არ ჰქონია, ხოლო 7 პროცენტს უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27 პროცენტი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყველაზე დიდ წარუმატებლობად ადამიანის უფლებების დარღვევას მიიჩნევს.
25 პროცენტი თვლის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა 2008 წლის კონფლიქტი. 8 პროცენტს მიაჩნია, რომ მთავრობა არ უსმენდა ხალხს, 6 პროცენტის აზრით, მთავარი წარუმატებლობა საპროტესტო აქციების დარბევა იყო, 4 პროცენტი ასახელებს საკუთრების უფლების დარღვევას, 3 პროცენტი კი, უთანასწორო ეკონომიკურ ზრდას.
გამოკითხულთა 7 პროცენტს სწამს, რომ 2003-2012 წლებში ხელისუფლებას წარუმატებლობა არ ჰქონია, ხოლო 14 პროცენტს უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.
ქართული ოცნება – “წარმატება არ ჰქონია”
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ჯგუფი, 21 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას 2012 წლიდან დღემდე წარმატება არ ჰქონია. 11 პროცენტის აზრით, ასეთი წარმატებაა ადამიანის უფლებების დაცვა, 9-9 პროცენტი ასახელებს კორონავირუსის პანდემიის რისკების ეფექტურ მართვასა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემოღებას, 7 პროცენტის აზრით, უდიდესი წარმატებაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. 5 პროცენტი ასახელებს C-ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებას.
ქართული ოცნების წარმატებებად ასევე ასახელებენ იმას, რომ მისი მმართველობის დროს არ მომხდარა სამხედრო კონფლიქტი, გაუმჯობესდა ბიზნესგარემო, არის პოლიტიკური სტაბილურობა, აღდგა სამართლიანობა და სხვა.
კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს გამოკითხულთა 13 პროცენტს.
მეორე მხრივ, 2012 წლიდან დღემდე, გამოკითხულთა აზრით, მთავარი წარუმატებლობა სუსტი ეკონომიკური ზრდაა. ასევე, კვლევის თანახმად, მოსახლეობის 26 პროცენტი ფიქრობს.
9 პროცენტის აზრით, წარუმატებლობაა წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა, 8-8 პროცენტი ასახელებს “გავრილოვის ღამესა” და სამართლიანობის აღდგენის დაპირების შეუსრულებლობას.
გამოკითხულთა ნაწილს წარუმატებლობად მიაჩნია გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური სისტემა, სასამართლო სისტემის დეპოლოტიზების დაპირების შეუსრულებლობა, 1-1 პროცენტი ასახელებს, იმას, რომ ვერ მოხერხდა სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყება და ქართველებსა და ოსებსა და აფხაზებს შორის სოციალური გაუცხოების შემცირება. ასევე 1-1 პროცენტს მიაჩნია, რომ წარუმატებლობაა არაეფექტური პიარი და პროპორციულ საარჩევნო სისტემის შემოღების დაპირების დარღვევა.
გამოკითხულთა 20 პროცენტს უჭირს დაასახელოს ქართული ოცნების წარუმატებლობა. 12 პროცენტი ასახელებს სხვა მიზეზს, ხოლო 4 პროცენტს არ სურს პასუხის გაცემა.
ორგანიზაციამ კვლევა 2020 წლის 10-28 სექტემბერს ჩაატარა. კვლევის დროს სულ გამოიკითხა 1928 რესპონდენტი. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი 2.2 პროცენტია. კვლევა ნაწილია პროექტისა, სახელწოდებით “საქართველოს მომავალი”, რომელსაც კარნეგი ევროპა და ლევან მიქელაძის ფონდი ახორციელებენ შვედეთისა და ფინეთის მთავრობების მხარდაჭერით.