ჰომოფობიასთან ბრძოლა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა – NGO-ები ბოლოდროინდელ ინციდენტებზე

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ბოლო დღეებში ქვეყანაში ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენცია შეინიშნება, რის გამოც სახელმწიფოს ამ კუთხით პოლიტიკის ცვლილებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ბოლოდროინდელი ინციდენტები მოწმობს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში.

საქმე ეხება 21 და 24 აპრილს მომხდარ ინციდენტებს. პირველ შემთხვევაში, აქტივისტთა ცნობით, თბილისში ლესბოსელ წყვილს ჰომოფობიურ ნიადაგზე მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით დაესხნენ თავს. მათი ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდამსხმელმა გაიგო, რომ ერთ-ერთი დაზარალებული Tbilisi Pride-შია დასაქმებული. თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მეორე შემთხვევა 24 აპრილს ასევე თბილისში მოხდა. არასამთავრობოების ინფორმაციით, ორ ახალგაზრდა ქალს, სავარაუდო გენდერული და ჰომოფობიური მოტივით, თავს დაესხა ბინის გამქირავებელი კაცი. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

“საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალები საკუთარ მობილურ ტელეფონში მუსიკას უსმენდნენ, რამაც ბინის გამქირავებლის მოულოდნელი გაღიზიანება გამოიწვია და მამაკაცმა ორივე ახალგაზრდა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კერძოდ, ორივე მათგანს რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, აგინებდა და მათი მისამართით გენდერული ნიშნით დამამცირებელ სხვადასხვა გამოთქმას იყენებდა. ადგილზე გამოძახებულმა პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდო მოძალადის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და იგი განარიდეს სავარაუდო მსხვერპლების საცხოვრებელ ადგილს, თუმცა არ დაუკავებიათ”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში შსს-ს და პროკურატურის მიერ მთელი რიგი პოზიტიური ღონისძიებები გატარდა, თუმცა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მონიტორინგისა და პოლიტიკის კოორდინირების მიზნით, სახელმწიფოს რეაგირება ამგვარი ფაქტების მიმართ კვლავ ფრაგმენტული და სუსტად კოორდინირებული ჩანს.

“სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია პოლიციისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სუსტია ამგვარი ძალადობის მსხვერპლების მხარდაჭერის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები.

სახელმწიფოს თითქმის არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის ბრალდებული პირების რესოციალიზაციისა და ტრანსფორმაციის ქმედითი პოლიტიკა.

ლგბტი ადამიანების ნდობა პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ კვლავ დაბალია, რაც გარდა იმისა, რომ მიმდინარე რეფორმებს რეალური სოციალური გავლენის არარსებობის პრობლემას აჩვენებს, ის ლგბტი ადამიანების ყოფის სიმძიმეს და ძალადობის მიმართ დაუცველობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერთა თქმით, ბოლო წლებში მესამე პირთა მხრიდან ჰომოფობიური ძალადობისა და თავდასხმის ტენდენციამ იკლო, თუმცა ეს არ ასახავს ლგბტქ ადამიანთა ყოველდღიურ რეალობას. მეორე მხრივ, NGO-ები ხაზს უსვამენ, რომ თავდასხმების ტენდენციის კლება დიდწილად 2020 წლის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან და სოციალური და ფიზიკური კავშირების შესუსტებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ამით ძალადობისა და აგრესიის რისკები არ მცირდება.

მათივე თქმით, ჰომოფობიასა თუ ნებისმიერ სხვა ძალადობრივ კულტურასთან დაპირისპირება არაეფექტური იქნება, თუ არ შემუშავდა ყოველისმომცველი პრევენციული პოლიტიკა, რომელიც სამართალდამცავი, სასჯელაღსრულების, განათლების, სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებებს თანადროულად მოიცავს და რელევანტურ უწყებებს შორის კოორდინაციის პირობებს შექმნის:

“სამწუხაროდ, სახელმწიფოს პოლიტიკა ჰომოფობიას და ტრანსფობიას, ისევე, როგორც გენდერულ უთანასწორობას, დღემდე არ იაზრებს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემად, რის გამოც ჰომოფობიის წარმოჩენა ხდება მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხად და, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დასახულ მთავარ სტრატეგიად კვლავ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებზე შერჩევითი სადამსჯელო პასუხი რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში მთავრობამ ამოცანად დაისახა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის დაუშვებლობის, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გეგმით გათვალისწინებული საქმიანობები ამ დრომდე არ შესრულებულა”.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები რეკომენდაციებით მიმართავენ:

შსს-სა და პროკურატურას

საქართველოს მთავრობას

განცხადებას ხელს აწერენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG; თანასწორობის მოძრაობა; იდენტობა იუს; თბილისი პრაიდი; ქვიარ ასოციაცია „თემიდა“.